24 ათასი სამუშაო ადგილი, 494 საწარმო, 152 სასტუმრო - „აწარმოე საქართველოში“ შედეგები
სააგენტო “აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის თანადაფინანსებისა და ხელშეწყობის პროგრამების შედეგებს აქვეყნებს. სახელმწიფომ სააგენტოს გავლით 1.8 მლრდ ლარის ინვესტიციით 652 კომპანიის ხელშეწყობა შეძლო.
„სააგენტოს ხელშეწყობით ბიზნესის განვითარების მიმართულებით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა“, - აცხადებენ „აწარმოე საქართველოში“.
უწყების ცნობით, დღეის მდგომარეობით სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა ან გაფართოვდა 494 საწარმო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ობიექტი. აღნიშნული პროექტების ფარგლებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგილი.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს ამოქმედდა საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც 242 პროექტი დაფინანსდა. სააგენტოს პროგნოზით, აღნიშნული პროექტები შექმნიან 4 418 სამუშაო ადგილს.
„უნდა აღინიშნოს, რომ განხორციელებული პროექტებიდან უმეტესი კომპანია ადგილობრივი წარმოების გარდა, ექსპორტზე არის ორიენტირებული“, - ამბობენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, სააგენტო 2015 წლიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც დღემდე 6 911 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 79 მლნ ლარს შეადგენს, სადაც ჯამში დაფინანსებულია 10 083 ბენეფიციარი და შეიქმნება 17 489 სამუშაო ადგილი.
bm.ge