ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
31 ჯილდო 2020-ში - ღვინის ექსპერტები „თბილღვინოს“ ისტორიული გამარჯვების შესახებ
31 დეკემბერი, 2020
„თბილღვინომ“ 2020 წელს 31 ჯილდო მოიპოვა ღვინის საერთაშორისო კონკურსებზე ლონდონში, მათ შორის კი IWC-ზე საფერავის ისტორიული გამარჯვება განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომელიც არამხოლოდ თბილღვინოს წარმატება, არამედ ქართული ღვინის აღიარებისთვის გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამავე კონკურსში, თბილღვინოს ღვინომ „მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი 2018“ 100-დან 95 ქულით ოქროს ჯილდო მოიპოვა, Decanter, London 2020-ზე კი „მუკუზანი 2018“ 100-დან 95 ქულა მიიღო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.თბილღვინოს ისტორიული გამარჯვებისა და ქართული ღვინის განვითარებისთვის კონკურსის მნიშვნელობაზე ქართველი ღვინის ექსპერტები საუბრობენ.


ლევან მეხუზლა - ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი

IWC არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსი ღვინის სფეროში, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წლის შეჯამება ღვინის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

IWC-ს ჟიური ღვინის ისეთი ექსპერტებით არის დაკომპლექტებული, მაგალითად, როგორების არიან ტიმ ატკინი, მწერალი, გურმანი, რომელიც 2001 წლიდან აფასებს ღვინოს, ოზ კლარკი - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის ექსპერტი საუკეთესო რეპუტაციით, Dr Jamie Goode ბიოლოგიის დოქტორი, მეცნიერი, რაც ამ კონკურსის პრესტიჟზე მოწმობს.

ძალიან სასიამოვნოა თბილღვინოს ჯილდო, საფერავის წლის ჩემპიონი წითელი ღვინის ტიტული, რომელიც ამ მნიშვნელოვან კონკურსზე მოიპოვა.

მსურს, ეს მნიშვნელოვანი წარმატება გულწრფელად მივულოცო თბილღვინოს მთელ კოლექტივს, განსაკუთრებით მეღვინე ზვიად ლოლაძეს. ვუსურვებ კიდევ მეტ შრომასა და კიდევ მეტ წარმატებას.

ჩვენ, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო ყველანაირად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს ქართული ღვინის პოპულარიზაციაში, სერტიფიცირების პროცესისა და ხარისხის კონტროლის თვალსაზრისითაც. თუმცა, ისეთი ხარისხის ღვინის შექმნა, რომელსაც ითხოვს მომხმარებელი, ბაზარი და ის სტანდარტები, რასაც აწესებს მნიშვნელოვანი კონკურსები, ეს მაინც კერძო სექტორის პირადი პასუხისმგებლობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ თბილღვინო არის მაგალითი იმისა, რომ კომპანიას გააჩნია პასუხისმგებლობა, ბაზარზე ასეთი მაღალი ხარისხის ღვინო წარადგინოს.

ანა გოდაბრელიძე - აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამის ხელმძღვანელი. საერთაშორისო ღვინის ექსპერტი.

ზოგადად, ღვინის კონკურსში გამარჯვება ყოველთვის მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როცა საქმე ეხება საერთაშორისო, პრესტიჟულ კონკურსს. როდესაც საუბარი გვაქვს ქართული ღვინის გამარჯვებაზე, ყოველი ასეთი შემთხვევა არა მხოლოდ ცნობადს ხდის ქართულ ღვინოს, არამედ დადასტურებაცაა მისი ხარისხის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ მეღვინეობასა და მისდამი სანდოობას.
დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონკურსი არსებობს, ნაციონალური თუ ინტერნაციონალური. კონკურსის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ჟიურის შემადგენლობით, თუ რამდენად კვალიფიციური დეგუსტატორები ჰყავთ, ღვინის შეფასების გონივრული სიმკაცრითა და სამიზნე ჯგუფისთვის კონკურსის შედეგების სწორად მიწოდებაში. IWC-ს კონკურსი კი სწორედ ამ მიმართულებით გამოირჩევა და ამიტომაც ითვლება დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად.

ქეთევან ჯურხაძე - ღვინის საერთაშორისო ექსპერტი

IWC ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსია, მიუკერძოებელი ჟიურის წევრებით. ზოგადად, ყველა კონკურსი კიდევ ერთი გზაა იმისათვის, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ქართული ღვინო. ეს ნამდვილად დიდი გამარჯვებაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოხვედრა მარტივი არ არის. რამდენიმე წლის წინ, მქონდა პატივი, შევხვედროდი კონკურსის ჟიურის წევრებს და მათთან ერთად შემეფასებინა ქართული ღვინო და ვიცი, რამდენად მკაცრი შემფასებლები არიან.

თავისი სიმკაცრითა და მოთხოვნებით, IWC ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია. ყოველწლიურად ამ კონკურსში მონაწილეობენ კომპანიები ღვინის მწარმოებელი 52 ქვეყნიდან და ნიმუშების რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება. რაც თავისთავად გვაჩვენებს ინტერესსა და დამოკიდებულებას კონკურსის მიმართ.

IWC უკვე 37 წელიწადია ტარდება და აღიარებულია ყველაზე უკომპრომისო კონკურსად.

_____

IWC-ს კონკურსის ჟიურის წევრი, პანელის თავმჯდომარე მარტინ მორანი თბილღვინოს საფერავს მსუბუქი მჟავიანობის, ღოღნაშოსა და მწიფე ქლიავის ხილის ტონებით შემკულ, შთამბეჭდავად ხანგრძლივი დაბოლოების მქონე, ჩემპიონ წითელ ღვინოს უწოდებს.

„მუკუზანი განსაკუთრებული მარაგი 2018“ კი გასაოცრად და საუცხოოდ მუქი, შავი ქლიავის, ჩირისა და მაყვლის მდიდარი არომატით, მენთოლისა და მცენარეული ტონებით გამორჩეულ ღვინოდ დაასახელდა.

„მუკუზანი 2018“ Decanter, London 2020-ის ჟიურის წევრებმა დაახასიათეს, როგორც კედარისა და ალუბლის ჩირის არომატით, კომპლექსურობით, მსუყე შავი ხილისა და მსუბუქი მცენარეული ტონებით გამორჩეული, კონცენტრირებული ღვინო, ხავერდოვანი სტრუქტურითა და სასიამოვნო, ხანგრძლივი დაბოლოებით.

ღვინის საერთაშორისო ექსპერტებისგან მსგავსი დახასიათება და შეფასება ქართული ღვინის წარმატებასა და ცნობადობას უწყობს ხელს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.