ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
35 000-ზე ნაკლები ვიზიტორი 524 000-ის ნაცვლად - ვარდნამ იანვარში 93%-ს გადააჭარბა
15 თებერვალი, 2021

როგორც მოსალოდნელი იყო 2021 ტურიზმის მკვეთრი ვარდნით დაიწყო. თუ 2020 წლის იანვარში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 19.8%-ით 529 000-დან 633 000-მდე გაიზარდა, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართან შედარებით 94.5%-ით 34 909-მდე შემცირდა. იმავე პერიოდში ვიზიტორთა რაოდენობა 93.7%-ით 33 765-მდე, ხოლო ტურისტების რაოდენობა 91.9%-ით 29 542-მდე შემცირდა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

შემცირებულ ვიზიტორებშიც ტრაციციულად ყველაზე დიდი წილი მეზობელ სახელმწიფოებს უკავიათ. პირველ ადგილზე 14 500 ვიზიტორით თურქეთი გავიდა, კლება - 80.7%. მეორეზე თავად საქართველოა არარეზიდენტი პირებით. მათმა რაოდენობამ 5732 შეადგინა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 88.7%-ით ნაკლები. ვიზიტორთა რაოდენობა სომხეთიდან 95.8%-ით 3875-მდე შემცირდა, აზერბაიჯანიდან 97.8%-ით 3138-მდე. რაოდენობრივად ყველაზე დიდი კლება აზერბაიჯანიდან ფიქსირდება. 2020 წლის იანვარში აზერბაიჯნელი ვიზიტორების რაოდენობა 124 534-ს შეადგენდა. რაც შეეხება რუსეთს, მან პირველი ადგილი პროცენტულ ვარდნაში დაიკავა, საიდანაც ერთ წელიწადში ვიზიტორთა რაოდენობა 97.8%-ით 1916-მდე შემცირდა.

რეგიონებიდან ყველაზე დიდი - 99.7%-იანი ვარდნა შუა აღმოსავლეთიდან ფიქსირდება, მას 99.1%-იანი ვარდნით აღმოსავლეთ აზია მოსდევს. 98.9%-ით სულ 9 ადამიანამდე შემცირდა აფრიკიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, ამერიკიდან კლება 95.7%-ა. ევროპიდან ყველაზე ნაკლები - 93.7%, მაგრამ პროცენტულად ყველაზე მცირე ვარდნა რაოდენობრივად ყველაზე დიდია და 400 ათასს აჭარბებს.

ევროკავშირის 2 ქვეყნიდან: მალტადან და ლუქსემბურგიდან ვიზიტორთა რაოდენობამ 0 შეადგინა, შესაბამისად ამ ქვეყნებიდან 100%-იანი ვარდნა დაფიქსირდა. ვარდნის ტემპმა 99%-ს გადააჭარბა ლიეტვუადან, პოლონეთიდან, კვიპროსიდან და ხორვატიიდან. მთლიანი ევროკავშირიდან კი საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა 95.5%-ით 1010-მდე შემცირდა.

საზღვრის ტიპებიდან სახმელეთო ვარდნამ 92.8% შეადგინა, საჰაერო - 96.2%, საზღვაოში - 89.2% და სარკინიგზო - 96.3%.

იანვარში თბილისის აეროპორტიდან საქართველოში სულ 4131 ვიზიტორი შემოვიდა, 94.9%-ით ნაკლები ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ქუთაისის აეროპორტიდან 84 ვიზიტორი – 96.6%-ით ნაკლები. ბათუმის აეროპორტიდან კი მხოლოდ 3, რაც 99.97%-იან ვარდნას უდრის.

დემოგრაფიულ ჭრილში კაცი ვიზიტორების რაოდენობა 91.3%-ითაა შემცირებული, ხოლო ქალების 98.3%-ით. კაცების წილმა ვიზიტორთა რაოდენობაში 91.5% შეადგინა, ქალებისამ - 8.5%. ასეთი დისბალანსის მიზეზი ვიზიტების ტიპებია. ლოკდაუნის გამო საზღვარს ძირითადად ტრაილერის მძღოლები და ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პირები კვეთენ. რეალურად ტურისტების რაოდენობა 91.9%-ით კი არა 99%-ზე მეტითაა შემცირებული, უბრალოდ საერთაშორისო განმარტებიდან გამომდინარე, პირი ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი რჩება ტურისტად აღირიცხება.

2019 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ საქართველოში 9.358 მლნ შეადგინა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა კი $3.3 მლრდ-ს მიაღწია. 2020-ის მოლოდინი 10 მლნ მოგზური და $3.5 მლრდ-იანი შემოსავალი იყო. რეალურად მოგზაურთა რაოდენობა 81.3%-ით 1.747 მლნ-მდე შემცირდა, ტურიზმიდან მისაღებმა შემოსავლის დანაკლისმა კი $3 მლრდ-ს მიაღწია.

თებერვლიდან მოსალოდნელია, რომ ვარდნის ტემპი შემცირდეს, მარტში ის უკვე საგრძნობი გახდება, აპრილში კი შესაძლოა მატებაც დაფიქსირდეს. სურათს ასე თებერვლიდან აღდგენილი ფრენები ვერ გააუმჯობესებს. მცირედით ეს ფაქტორიც იმუშავებს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომ ტურისტს მოუნდეს ჩასვლა იმ ქვეყანაში სადაც კომენდანტის საათია გამოცხადებული, ზამთრის კურორტები და სხვა გასართობი ობიქექტების აბსოლუტური უმრავლესობა დაკეტილია. ვარდნის ტემპს საბაზისო მონაცემები შემაცირებს, რომ თუ გასული წლის იანვარში საერთაშორისო მოგზზაურების რაოდენობა 19.8%-ით გაიზარდა, თებერვალში 0.7%-ით შემცირდა, მარტში 62.3%-ით, ხოლო აპრილში 94.5%-ით.

2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც ბოლო 24 წლის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, ომის შემდეგ 2009 წელს ვარდნა მხოლოდ 3.7% იყო. 2021 წლის ბიუჯეტი ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზეა აგებული. ეროვნული ბანკის საბაზისო პროგნოზი 4%-იან ზრდას ითვალისწინებს, პესიმისტური კი, რაც იმ დაშვებაზე დაყდნობითაა გაკეთებული, თუ ტურიზმი არ აღდგა, ზრდის ტემპი მხოლოდ 1% იქნება. ასეთ შემთხვევაში 2019 წლის დონეს საქართველო 2022 წელსაც ვერ დაუბრუნდება. ზრდის ასეთი დაბალი ტემპის შემთხვევაში, ესტონეთის დღევანდელ დონემდე დასაწევად 2111 წლამდე მოუწევს ცდა.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.