როგორი იქნება 2019 წლის Check in Georgia-ის ფორმატი, Black Sea Arena-ს ახალმა დირექტორმა ტატო ხარჩილავამ ჯერ არ იცის.
მისი თქმით, დეტალები ახლა მუშავდება და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად 10-14 დღეში იქნება.
„მე სულ რაღაც ერთ კვირის დანიშნული ვარ ამ პოზიციაზე და, ჯერჯერობით, მუშავდება პროექტის დეტალები, შესაბამისად, ჯერ ვერ გაგცემთ პასუხს, თუმცა 10-დან 14-დღის ვადაში, ჩამოვყალიბდებით და ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცდები“, – აღნიშნა ტატო ხარჩილავამ.
CHECK IN GEORGIA-2019-თან დაკავშირებით კი კითხვა ბევრია, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამთავრობო პროექტისთვის წელსაც 20 მლნ ლარი გამოიყო, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტში დევს, მაგრამ ზაფხულის ტურისტული სეზონი ახლოვდება და ამ დრომდე ღონისძიებების კალენდარი ცნობილი არაა; არც ის ვიცით, როგორ დაიტვირთება წელს Black Sea Arenas-ს სცენა.
გაურკვეველია მერაია ქერის კონცერტის ბედიც.
bm.ge „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელ ზაზა შენგელიაზე დაყრდნობით წერდა, რომ BLACK SEA ARENA-ზე მერაია ქერის კონცერტი 29 მაისს უნდა გაიმართოს, მაგრამ ბილეთების გაყიდვა ჯერ დაწყებულიც არაა.
„როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში Check in Georgia-ს ფარგლებში, გამოცხადდა ტენდერი უცხოელი ვარსკვლავის ჩამოყვანაზე; ეკონომიკის სამინისტoრში სპეციალური კომისია იყო შექმნილი გამარჯვებული წინადადების გამოსავლენად და ამ კომისიის მიერ მოწონებულ იქნა და ტენდერშიც გაიმარჯვა „ბრავო რექორდსის” მიერ წარმოდგენილმა ვარსკვლავმა მერაია ქერიმ, საუკეთესო ფასით – 750,000 დოლარით; შეგახსენებთ, რომ მერაია ქერი 2 წლის წინ ავტორბოლის გახსნაზე ბაქოში იყო ჩასული და მისი ჰონორარი 1.5 მლნ დოლარს შეადგენდა. ჩვენმა ჯგუფმა ძალიან დიდი მუშაობა ჩაატარა და მოვახერხეთ საკითხის ბოლომდე მიყვანა, რომელიც შეეხებოდა კონტრაქტის ნიუანსებს და ტექნიკურ აღჭურვილობას. ჩვენი პარტნიორები უკვე ერთი თვეა ელოდებიან კონტრაქტზე ხელის მოწერას და ავანსის გადარიცხვას.
სამწუხაროდ, ამ ვითარებაში წარმოიშვა შემდეგი გარემოება: როგორც ცნობილი გახდა, BLACK SEA ARENA სამართავად ეკონომიკის სამინისტროდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა; გვეუბნებიან, რომ ახლა მიმდინარეობს გადაბარების პროცესი და გაურკვეველია, რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესს – ორივე სამინისტრო ერთმანეთისკენ იშვერს ხელს. ჩვენთვის გაუგებარია, ამ პროცესმა რატომ უნდა შეაფერხოს კონტრაქტზე ხელის მოწერა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან და რატომ შეიძლება ეს პროცესი ხელისშემშლელ ფაქტორად იქცეს; თან იმ ფონზე, როცა Check in Georgia-ს ფარგლებში სხვა მსხვილი ღონისძიება არცაა დაგეგმილი“, – აცხადებს ზაზა შენგელია.
მისივე თქმით, თუ საბოლოოდ, კონტრაქტი ვერ გაფორმდა, ეს იქნება ძალიან ცუდი როგორც – „ბრავო რექორდსის“, ისე საქართველოს იმიჯისთვის.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, Black Sea Arena ეკონომიკის სამინისტროდან, მართვის უფლებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.