საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ტურიზმის მარკეტინგის გამპანიებისთვის 13 მლნ ლარი დახარჯა.
ინფორმაცია bm.ge-მ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან ოფიციალურად გამოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელი პირველია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, როცა ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგში რუსეთის ბაზარზე თანხები არ იხარჯება.
რაც შეეხება წინა წლებს, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – თითქმის 6 მლნ ლარი ხელისუფლებამ რუსეთში მარკეტინგზე 2018 წელს დახარჯა, თან ეს იმ ფონზე, როდესაც კერძო სექტორი, მათ შორის ინვესტორთა საბჭოს პლატფორმიდანაც მოუწოდებდა მთავრობას, რომ რუსეთში ხარჯის შემცირებაზე.
„დაზოგეთ თანხები მასობრივ მარკეტინგულ სტრატეგიებზე ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიც არის რუსეთი და ამის ნაცვლად, რესურსები მიმართეთ ალტერნატიულ ეფექტიან არხებში. ეს სტრატეგიები მიმართეთ ახალგაზრდა მოგზაურებზე და იმ სეგმენტზე, რომელიც შემდეგ ქვეყნის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს. შედეგად, ხარისხიანი მოგზაურების მოზიდვას შეძლებთ და ამით ხელს შეუწყობთ ქვეყნის სწორი იმიჯის დამკვიდრებას“, – ეს არის ამონარიდი ინვესტორთა საბჭოს ფარგლებში შექმნილი ტურიზმის სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებიდან მთავრობის მისამართით, რომელიც 2017 წლის აპრილით თარიღდება.
ფაქტია, კერძო სექტორის რეკომენდაციებს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელსაც 2014-2018 წლებში გიორგი ჩოგოვაძე ხელმძღვანელობდა, არ ითვალისწინებდა.
Bm.ge-ის მიერ გამოთხოვილი ოფიციალური ინფორმაცია აჩვენებს, რომ 2015 წელს რუსეთში მარკეტინგულ კამპანიაზე ტურიზმის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან 1.7 მლნ ლარი დაიხარჯა, მაშინ როცა მარკეტინგის სრული ბიუჯეტი თითქმის 18 მლნ ლარი იყო; 2017 წელს – 1,2 მლნ მარკეტინგის 18.5 მლნ-იანი ბიუჯეტიდან, ხოლო 2018 წელს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს ტურიზმის მარკეტინგისთვის 16.5 მლნ ლარი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც თითქმის 6 მლნ მხოლოდ რუსეთში დახარჯა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს მარკეტინგის ბიუჯეტი 17 მლნ ლარითაა განსაზღვრული, საიდანაც 7 მლნ ლარი უკვე დახარჯულია, მაგრამ არცერთი ლარი – რუსეთში.
ცნობისთვის: 2013 წლიდან მოყოლებული რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და გასულ წელს 1.4 მლნ ვიზიტორს მიაღწია.

ამ წლების განმავლობაში იზრდებოდა რუსი ტურისტების/ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯული თანხის მოცულობა. მაგ.: 2018 წელს რუსების მთლიანმა ტურისტულმა ხარჯმა 1.9 მლრდ ლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში – 318.5 მლნ ლარი, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რუსი ტურისტები ვერც 2018 წელს და ვერც 2019 წლის პირველ კვარტალში ვერ მოხვდნენ იმ TOP-10 ქვეყანას შორის, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ყველაზე მეტ ვალუტას ხარჯავენ. უფრო მეტიც, თუ შარშან რუსეთიდან ერთმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე 1326 ლარი დახარჯა, წელს პირველ კვარტალში უფრო ნაკლები – 1135 ლარი დახარჯა, მაშინ როდესაც ამერიკელი, ჩინელი, ფრანგი თუ ირანელი ტურისტი 2000 ლარს და მეტს ტოვებს ქვეყანაში.

