ოკაცეს კანიონში, კინჩხას ჩანჩქერზე ვიზიტორთა ცენტრი მოეწყობა - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1,1 მილიონი ლარი დაიხარჯება
წელს, მარტვილისა და ოკაცეს კანიონებში - კინჩხას ჩანჩქერზე - ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა იგეგმება. ადგილზე მოეწყობა ასევე საფეხმავლო ბილიკი და გადასახედი პლატფორმების. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისში დაიწყება. ამის შესახებ "საქმის კურსს" დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.
უწყების ინფორმაციითვე, პროექტის ბიუჯეტი 1 176 000 ლარია.
ამჟამად, მარტვილის კანიონზე ახალი ინფრასტრუქტურის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც გულისხმობს კანიონში წრიული ბილიკის შექმნას.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, 2016 წელს, მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა ვიზიტორთა ცენტრი. მოეწყო ტურისტული ბილიკები, გადასახადები, ხიდები, ნავების შესანახი ანგარი, ნავმისადგომი და ვიზიტორთა მოსაცდელი. რესტავრაცია ჩაუტარდა დადიანების ისტორიულ კიბესა და წყლის წისქვილს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე სულ 1 223 907 ლარი დაიხარჯა.
„მარტვილის კანიონზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა და ადგილობრვი მოსახლეობის შემოსავლები, გახანგრძლივდა ტურისტული სეზონი, ვიზიტორთა გადაადგილება გახდა უსაფრთხო. კანიონს გასულ წელს 62 400 ვიზიტორზე მეტი ეწვია“,-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.
WWW.BM.GE