ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოკუპაციის ხაზთან დაწყებული ბიზნესი - "ღვინო ბოთლში ჩამოვასხი და 2 ლარის ნაცვლად 25-ად ვყიდი"
26 ივნისი, 2017

შიო მაისურაძე 28 წლის ქართველი მეღვინეა, რომელმაც საკუთარ ვენახში მოყვანილი ღვინო ბრენდად აქცია. მცირე მეწარმეს ვენახი ოკუპაციის ხაზთან შიდა ქართლში, გორის რაიონ სოფელ არბოში აქვს გაშენებული. ამბობს, რომ ცხელ წერტილთან სიახლოვის გამო სოფლის მეურნეობისადმი ინტერესმა კიდე უფრო იკლო, რასაც ვენახებიც შეეწირა სოფელში - ვაზი თითქმის ყველამ აჩეხა და ამ სფეროს მიმართ ინტერესი დაიკარგა. ოჯახური ტრადიციით დაყენებული ღვინის ბოთლში ჩამოსხმა იმან აიძულა, რომ არაბრენდირებული ღვინის ფასი დაახლოებით 2 ლარის ფარგლებში მერყეობს, ბოთლის ღვინოს კი დღეს 20-25 ლარად ყიდის. ბევრი მცირე ფერმერისგან განსხვავებით მეღვინე ფიქრობს, რომ სახელმწიფო ყურძენს არ უნდა ასუბსიდირებდეს. საოჯახო ბიზნესისა და დარგში არსებული პრობლემების შესახებ "არბოს მარანის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შიო მაისურაძემ "საქმის კურსთან" ისაუბრა: 

- როდის და რატომ გადაწყვიტეთ მეღვინეობა? ახალგაზრდებში აგრარული მიმართულება არც ისე პოპულარული იყო რამდენიმე წლის წინ... 

- ჩემს ისტორიას ცოტა უფრო შორიდან დავიწყებ. ჩემი დიდი პაპა ცნობილი იყო რაიონში იმით, რომ ყველა სუფრაზე თავისი ღვინით დადიოდა. ითვლებოდა, რომ რაიონში ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო ჰქონდა. შემდეგ ეს ტრადიცია თაობიდან თაობაზე გადავიდა და მეც დავინტერესდი ამ მიმართულებით, სწორედ ამიტომ ავირჩიე აგრარული უნივერსიტეტი და მეღვინეობის მიმართულება. ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებასა და გაყიდვებში ჩემი ძმა მეხმარება, ვენახის მოვლაში კი - მამაჩემი. მიუხედავად იმისა, რომ ღვინოს ვაყენებთ, დიდად სმა ოჯახის არცერთ წევრს არ გვიყვარს, ამიტომ დღის წესრიგში დადგა ღვინის გაყიდვის საკითხი. დღეს ჩამოსასხმელი ღვინის ფასი მაქსიმუმ შეიძლება იყოს 2 ლარი, შეგიძლია 5 ლარიც დააფასო, მაგრამ არ გაიყიდება უბრალოდ. თვითონ ყურძენი 1,5 ლარი ღირს, ერთი ლიტრი ღვინის დასაყენებლად კი ორი კგ ყურძენია საჭირო. შესაბამისად, ღვინის 2 ლარად გაყიდვას აზრი არ აქვს. ერთადერთი გზა ის იყო, რომ ხარისხი გაგვეზარდა, ბოთლში ჩამოგვესხა და სხვა ტიპის ბაზარზე გაგვეტანა, როგორიც არის ღვინის მაღაზიები. ღვინოს ვასხმათ აქვე, სოფელ არბოში და ვყიდით თბილისის რამდენიმე მაღაზიაში. ფასი დაახლოებით 20-25 ლარია. 

- რა სახეობის ღვინოებს აწარმოებთ და რით არის თქვენი პროდუქტი გამორჩეული? 

- ჩვენ ორი სახეობის ღვინოს ვაწარმოებთ ამ ეტაპზე - ჩინური თეთრი და წითელი - შავკაპიტო. ორივე არის ქართული აბორიგენული ჯიში. ორივე ქართლის წამყვან საღვინე ჯიშად მოიაზრება. ბიო ღვინის სერთიფიკატი არ გვაქვს, თუმცა, ვდილობთ, მივიღოთ უახლოეს მომავალში. ბიო ღვინო ნიშნავს ისეთი პროდუქტის წარმოებას, რომელიც არ მოიცავს ვაზის მოყვანას ქიმიური ნივთიერებებით. 

ამ ეტაპზე ჩვენს ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე 2 ტონამდე ყურძენი მოდის, რაც შესაძლებლობას იძლევა 1200-მდე ბოთლი ღვინო ჩამოისხას. 

- აპირებთ თუ არა გაფართოებას და შედის თუ არა თქვენს გეგმებში პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა? 

- ამ ეტაპზე ძალიან მცირე ოდენობით ღვინოს ვაწარმოებთ, ამიტომ ექსპორტზე ადრეა საუბარი. წელს მცირემოსავლიანობის გამო გამოფენებშიც ვერ მივიღეთ მონაწილეობა. ამიტომ გვინდა გაფართოება. მიწის ნაკვეთი გვაქვს დაახლოებით ერთი ჰექტარი კიდევ, თუმცა, ჯერჯერობით ფინანსების არარსებობის გამო გაფართოებაზე გვიჭირს ფიქრი. 

- საინტერესოა, რას ფიქრობთ, სახელმწიფო უნდა ასუბსიდირებდეს ყურძენს საქართველოში? 

- ჩემი აზრით, სახელმწიფო არ უნდა ასუბსიდირებდეს დარგს. მგონი ამას უფრო უარყოფითი შედეგი მოაქვს, ვიდრე დადებითი. თავის დროზე, როდესაც დარგის სუბსიდირება დაიწყო, სფერო უყურადღებოდ იყო დატოვებული და დახმარებას საჭიროებდა, რომ ინტერესი ყოფილიყო. თუმცა, დღეს ამან უკუშედეგი მოიტანა. გლეხები გადასული არიან დიდი რაოდენობის მოყვანაზე და არა ხარისხზე. თუ მაგალითად ერთ კონკრეტულ ადგილზე მაქსიმუმ 6 ტონა ყურძენი უნდა მოიყვანო, მოჰყავთ 10 და 20 ტონაც კი. ეს არის ძალიან ცუდი, რამდენადაც რაც მეტია მოსავალი, მით უფრო უხარისხოა ის. 

ამასთან, სუბსიდირების გამო თვითონ გლეხებს აღარ აქვთ სურვილი, რომ ღვინო აწარმოონ. ყურძენს ისეთ ფასად აბარებენ, რომ აღარ აქვთ ინტერესი. ღვინო თუ დასჭირდებათ, ბოლოს და ბოლოს, წავლენ და იყიდიან. 

თან სუბსიდიის თანხები ბიუჯეტიდან მოდის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არ ვამართლებ სუბსიდიას, ესეც არის. ვიღაცას შეიძლება სულ არ აინტერესებს ღვინო და ყურძნის სუბსიდია. სხვა რამეს რომ მოხმარდეს ეს თანხა, ვფიქრობ, უკეთესი იქნება. 

- ხარისხი ახსენეთ და აუცილებლად უნდა გკითხოთ. ხშირად მომისმენია მეღვინეებისგან, რომ რუსულმა ბაზარმა ქართული ღვინის ხარისხი გააფუჭა. ამის პარალელურად მას შემდეგ, რაც რუსეთთან ემბარგო მოიხსნა, ქართული ღვინო ისევ აქტიურად გადის მეზობელ ქვეყანაში და რუსეთი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი წამყვანი ბაზარი ხდება ისევ. როგორ უყურებთ ამას? 

- მგონი, არ არის კარგი, რომ ისევ რუსულ ბაზარს დავუბრუნდეთ. ჯერ ერთი, რომ ქართული ღვინო მართლა გააფუჭა რუსულმა ბაზარმა. ემბარგომ ეკონომიკური ზარალი კი მოგვიტანა, მაგრამ ხარისხმა აიწია და ამაზე თანხმდება ყველა. თანაც არასტაბილური ბაზარია, ხვალ შეიძლება ისევ დაგვკეტონ და მგონი, ჯობია, სხვა მიმართულებებით ვიმუშაოთ, რაზეც დავიწყეთ მუშაობა, იგივე ჩინეთი, რომელიც ძალიან დიდი ბაზარია. ერთადერთი კარგი, რაც რუსეთის ბაზარს აქვს, არის მასშტაბი, მაგრამ მისი ჩანაცვლება, თუნდაც ჩინეთის ბაზრით, შესაძლებელია. 

- ფიქრობ თუ არა რომ დღეს სოფლის მეურნეობაში ცოდნის ნაკლებობაა? 

- გვყავს კარგი სპეციალისტები, მაგრამ მათი რაოდენობა ცოტაა. ამ ცოდნის ჩატანა უნდა მოხდეს გლეხებამდე. ბევრი ტრენინგი უნდა ჩატარდეს, ინტერესი არ დაკარგონ ამ სფეროს მიმართ და მიხვდნენ, რომ აქედან ფულის შოვნა შეიძლება. 

არის გლეხების მხრიდან ის დამოკიდებულება, რომ სხვამ რა უნდა ასწავლოს. მეც როდესაც დავიწყე სოფელში ვაზის განსხვავებულად მოვლა და ღვინის გაკეთება, მთელი სოფელი ეჭვის თვალით მიყურებდა. მსაყვედურობნენ: პაპაშენი ასე აყენებდა ღვინოსო? არ აყენებდა, მაგრამ როგორც აყენებდა არასწორი იყო. სადღაც შეცდნენ და შემდეგ თაობებს გადაეცათ ეს შეცდომა, ამიტომ ხომ უნდა გამოსწორდეს ოდესმე?! 

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ სოფელში ფული არ იშოვება, მაგრამ ასე არ არის. ჩემ მაგალითს შეუძლია ამის დამტკიცება. ღვინო, რომელიც 2 ლარად არ იყიდებოდა, დღეს იყიდება 25 ლარად. 

- რა არის ის ძირირათი პრობლემები, რასაც მცირე მეღვინეები აწყდებიან ბიზნესის განვითარების პროცესში? 

- მგონი ყველაზე მთავარი დამწყებისთვის მაინც თანხებია. ხელმისაწვდომობა დაბალპროცენტიან სესხებზე უფრო მეტად უნდა იყოს. პრობლება პირადად ჩემთვის ისიც არის, რომ ვენახები ჩვენს რეგიონში ახლომახლო სულ გაჩეხილია. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი ვენახი იყო და ახლა მხოლოდ 2-3 ოჯახს აქვს დარჩენილი. ამის მიზეზი ერთი მხრივ ისაა, რომ ინტერესი აღარ აქვთ, მეორე მხრივ კი, საოკუპაციო ხაზთან ვართ ძალიან ახლოს. მე რომ ყურძენი დამჭირდეს, სანამ მე თვითონ გავფართოვდები, ვერ ვიყიდი, რადგან არ არის ფიზიკურად. კახეთიდან ხომ არ ჩამოვიტან, როდესაც ქართლის ღვინოს ვაკეთებ? თუ ვინმეს აქვს, აქვს ცოტა და თავისთვის. 

- რა აკლია დღეს დარგს იმისთვის, რომ ადგილი დაიმკვიდროს საერთაშოროსო ბაზარზე? რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ქართული ღვინისთვის? 

- მთავარი გამოწვევა, ვფიქრობ, მაინც ხარისხია. რაოდენობა იმდენად ცოტა გვაქვს, სხვებს ვერ შევერკინებით. ამიტომ ვფიქრობ, მაღალი ხარისხი უნდა დავიჭიროთ. ხელს შეგვიწყობს ისიც, რომ საქართველო "ღვინის აკვანია" და კარგი შეფუთვით შეგვიძლია თავი დავიმკვიდროთ მსოფლიო ბაზარზე. 

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.