ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოკუპირებულ აფხაზეთში ნაპოვნი არტეფაქტები ერმიტაჟში გამოფინეს
31 ოქტომბერი, 2017

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ იმ არტეფაქტების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც მან ერმიტაჟში აღმოაჩინა. საინფორმაციო დაფებზე მითითებულია, რომ ექსპონატები ოკუპირებულ აფხაზეთში, ცანდრიფში ხაშუფსეს ციხე-სიმაგრეშია აღმოჩენილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. 

ოკუპირებული რეგიონიდან გატანილ და ერმიტაჟში განთავსებულ არტეფაქტებს შორის არის ვერცხლის ლანგარი, რომელზეც გოლგოთაა გამოსახული. ის 518 წლით თარიღდება და მის უკანა მხარეს აღმოსავლეთ რომის იმპერატორის ანასტასიოს I-ის ბეჭედია დარტყმული. ასევე არის, ბიზანტიური ვერცხლის ორი კოვზი, მე-6 საუკუნის მონოგრამებით და I-II საუკუნის მინის ფიალა დასავლეთ რომის იმპერიიდან. 

ე.წ. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დეფაქტო კულტურის უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ამ შემთხვევით და ერმიტაჟის მხრიდან უკანონოდ მოპოვებული არტეფაქტების შეძენაზე პოზიცია გამოხატოს. 

თავად ოკუპირებული რეგიონის წარმომადგენლებიც წერენ, რომ შავი არქეოლოგია რეგიონში გააქტიურებულია. ბოლო 12 წლის განმავლობაში, შავი არქეოლოგიით დაკავებულმა ადამიანებმა ოკუპირებულ აფხაზეთში 300-ზე მეტი სამარხი გათხარეს.

ფოტო: ekhokavkaza@Vyacheslav Chirikba

imedinews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.