თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში შადრევანი დააზიანეს. თბილისის მერიის ცნობით, ადგილი ჰქონდა ბალერინების ქანდაკებების დაზიანების ფაქტს.
მერიის განცხადებით, მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით, საცავში გადაიტანა. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები ბაღს დაუბრუნდება.
“მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას”, – წერია თბილისის მერიის განცხადებაში.