ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოქროს მოპოვებიდან სასტუმრო ბიზნესამდე – ვინ არის ანაკლიის ახალი ინვესტორი
02 ნოემბერი, 2020

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მოსაწყობად ეკონომიკის სამინისტრომ პროგრამის 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს ფარგლებში ინვესტორ კომპანია VM Industries-ს 4 946 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადასცა.

ბიზნესის რეესტრის მონაცემების მიხედვით, აღნიშნული კომპანიის მფლობელები საქართველოს მოქალაქეები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა არიან, რომელიც წარმოშობით ჩინეთიდანაა.

ჰესები, ენერგეტიკა, ოქროს, ნავთობისა და გაზის მოპოვება და ახლა უკვე სასტუმრო ბიზნესი – ანაკლიის სასტუმროს ახალი ინვესტორები ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა საქართველოში უკვე არაერთ საკმაოდ ცნობილ პროექტში ფიგურირებენ, რომელთა ნაწილმა ხმაურიც გამოიწვია.

სკანდალი სვანეთში ოქროს მოპოვების გამო

2016 წელს მესტიის რაიონის სოფელ იელში, მდინარე ენგურის ნაპირზე, ჩინურმა კომპანიამ შპს Optical Systems Inc-მა ოქროს მოპოვებითი სამუშაოები წამოიწყო, რამაც ადგილობრივი მოსახლეობა აღაშფოთა – სოფელში ტექნიკა ღამით შეიყვანეს და რამდენიმე დღეში მთლიანად გადათხარეს მიმდებარე ტერიტორია.

იელის მკვიდრთა საპროტესტო აქციის შემდეგ კომპანიამ სოფლიდან ტექნიკა გაიყვანა.

მაშინ მოსახლეობა ირწმუნებოდა, რომ პროექტის სამოქმედო არეალი უფრო მასშტაბურია და ენგურის ხეობას და მიმდებარე თემებს მოიცავდა.

Optical Systems Inc-ის მფლობელები, ისევე როგორც ანაკლიის სასტუმროს ახალი ინვესტორები, ვლადიმერ ფანგანი და ლინა მა გახლავთ.

მაშინ კომპანიაში ამბობდნენ, რომ მათ 2005 წლით დათარიღებული 15-წლიანი ლიცენზია ჰქონდათ, რომელიც ოქროს მოპოვებით სამუშაოებს გულისხმობდა. თუმცა, როგორც გაირკვა, მათ მხოლოდ ოქროს სინჯის აღებისთვის საჭირო ლიცენზია ჰქონდათ. ნებართვა მათ გარემოს დაცვის მაშინდელმა მინისტრმა გიორგი პაპუაშვილმა მისცა, მოსახლეობის თქმით ეს პაპუაშვილის მიერ დატოვებული „ნაღმი“ იყო.

2005 წლის 6 სექტემბრის #329 ბრძანების საფუძველზე შპს Optical Systems Inc-ს 15 წლის ვადით მიეცა მესტიის მუნიციპალიტეტში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე წიაღით სარგებლობის ლიცენზია.

ნავთობი და გაზი

2017 წლის 22 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად ახალი ინვესტორი შეარჩია. კომპანიამ სალიცენზიო ბლოკებზე ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 წლიანი ლიცენზია მოიპოვა.

გამარჯვებული კომპანია „ჩინეთის ახალი ვარკვლავი“ იყო. მაშინ გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანებამ ამ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა ეჭვქვეშ დააყენა სხვადასხვა მიზეზების გამო: 1. სასამართლო საქმეების მიხედვით, 2016 წელს კომპანიის ვალმა ჩინეთში მოქმედი სხვა კომპანიების მიმართ 8.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა; 2. კომპანიამ აღიარა, რომ მას არ შეეძლო 60 მილიონი იუანის (9 მილიონი აშშ დოლარი) გადახდა 2012 წელს გაცემული კერძო ობლიგაციებისთვის;

ამავე პროექტით დაინტერესებული და ტენდერში „ჩინეთის ახალი ვარსკვლავის“ კონკურენტი შპს. VM ENERGY იყო, რომლის 60 პროცენტიანი წილის მფლობელი ვლადიმერ ფანგანია.

შპს VM Energy საქართველოში 2016 წელს დარეგისტრირდა. მისი ერთ-ერთი დირექტორი და 30 პროცენტიანი წილის მფლობელია ლინა მა,  60 პროცენტს ვლადიმერ ფანგანი,10 პროცენტს კი ბესიკ ბუგიანიშვილი ფლობს.

ჰესების კასკადი მტკვარზე

2019 წელს ვლადიმერ ფანგანისა და ლინა მა-ს დუეტი მტკვარზე ჰესების კასკადის მშენებლობის პროექტშიც იკვეთება.

მათ საკუთრებაში არსებულ კომპანია VM Electric-ს მდინარე მტკვარზე ჰესების „კასკადი-4“-ის მშენებლობა მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაევალა.

აღნიშნული პროექტის სკოპინგის ანგარიშში წერია, რომ ინვესტორებს ევალებათ 103.49 მგვტ დადგმული სიმძლავრის 4 საფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა და ექსპლუატაცია. პროექტები თბილისის, მარნეულის რუსთავის და გარდაბნის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. ხელშეკრულებას მთავრობასა და VM Electrics- ს შორის 2018 წლის მარტში მოეწერა ხელი.

2020 წლიდან კი ლინა მა და ვლადიმერ ფანგანი ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში ერთვებიან.

ანაკლიაში სასტუმრო-კომპლექსის მოსაწყობად 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. აღნიშნული ქონება აუქციონზე სიმბოლურ ფასად ორჯერ იყო გატანილი. თავდაპირველი პირობის მიხედვით, გამარჯვებულს კომპანიას არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. მეორედ გამოცხადებულ აუქციონზე კი პირობები შეიცვალა და ამჯერად 5 000 000 მილიონი ლარის ინვესტიციის ჩადების ვალდებულება აქვს.

„კომერსანტი“ ვლადიმერ ფანგანს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად გერმანიაში იმყოფება, ინტერვიუს ბიზნესმენთან უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

Commersant


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.