ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია ოქტომბერში დასრულდება
15 აგვისტო, 2018

ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტს, რომლის ღირებულება 65 მლნ ლარია, თბილისის განვითარების ფონდი „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს.

ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 18 მისამართზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს, 150 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობასა და დასკვნით ეტაპზე, კეთილმოწყობის სამუშაოებს გულისხმობს.

თბილისის მერის თქმით, პროექტის ფარგლებში 20-მდე შენობა-ნაგებობის რესტავრაცია-რეაბილიტაცია მოხდება. „მგონია, რომ ორბელიანის მოედანი დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება, თავისი საფეხმავლო გზებითა და პარკებით, რომლის კეთილმოწყობის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი, დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება, ფასადებიდან მოუწესრიგებელი გაყვანილობების მოცილება, დაზიანებული ნალესობის გაწმენდა-დამუშავება, ნაძერწი დეტალების აღდგენა-რესტავრაცია, შენობების გადახურვის რეაბილიტაცია, განახლებითა და მაღალი ხარისხის ფერადი თუნუქის გამოყენებით კონსტრუქციული ნაწილების შეცვლა და სხვა სახის სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე კეთილმოწყობის სამუშაოებია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის 13 ძეგლს შესაბამისი წესების დაცვით, სათანადო სამუშაოები ჩაუტარდება. ასევე, დაგეგმილია ათამდე შენობის სრული რეაბილიტაცია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.