ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ორბის ბუდემ" ფუნქციონირება დაიწყო - ქვემო ქართლში ეკოტურისტული სივრცე გაიხსნა
08 მაისი, 2023

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდეში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ქვემო ქართლში პირველი ეკოტურისტული სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ გაიხსნა.

სოციალური საწარმო მიზნად ისახავს ეკოტურიზმისა და ახალი ტურისტული მარშრუტების განვითარებას, საზოგადოებისთვის ეთნიკური უმცირესობების უნიკალური ტრადიციების გაცნობას და პროცესებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას, რაც შეუქმნის მათ ახალ შესაძლებლობებს და მონაწილეობას მიიღებს თემისა და რეგიონის განვითარებაში.

„მოგზაურების გაზრდილმა ინტერესმა სამშვილდეში საფუძველი ჩაუყარა იმ სივრცის შექმნის იდეას, სადაც სტუმრებს შეუძლიათ ღამის გათენება, დასვენება, ადგილობრივი ტრადიციების გაცნობა, კერძების გასინჯვა, სამოგზაურო მარშრუტების შერჩევა და პროფესიონალ მეგზურთან ერთად, საინტერესო ადგილების დალაშქვრა. „ორბის ბუდეს“ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ვქმნით და გვსურს, უნიკალური გარემო ახლებურად, განვითარების და წარმატების შესაძლებლობად დავანახოთ,“ - აღნიშნა სოციალური საწარმო „ორბის ბუდეს“ დამფუძნებელმა ლუსინე დოსტიბეგიანმა.

CSRDG-ის სოციალური მეწარმეობის განვითარების პროგრამის კოორდინატორის ეკა დათუაშვილის ინფორმაციით, ქვემო ქართლის რეგიონში ეს პირველი სოციალური საწარმოა, რომელიც  როგორც ადგილობრივი ტურისტული ცენტრი, ხელს შეუწყობს ეკოტურიზმისა და ახალი მარშრუტების განვითარებას საქართველოში, მონაწილეობას მიიღებს თემის, სოფლისა და რეგიონის განვითარებაში და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მოსახლეობას, რომელიც მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაში, ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმო „ორბის ბუდე“ შექმნილია პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად ახორციელებს.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.