ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2014 წელს დაანონსებული საჩხერე-რაჭის გზის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება
20 ოქტომბერი, 2017

რაჭა-საჩხერის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 2014 წელს დაანონსდა, 2018 წელს იწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, რაჭა-საჩხერის გზა თბილისიდან რაჭამდე მანძილს ერთი საათით შეამცირებს.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ზემო იმერეთი-რაჭის (საჩხერე-შქმერი-ონის) გზის მშენებლობა ჯერ კიდევ 2014 წლის იანვარში დააანონსა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს უნდა განეხორციელებინა. იმ დროისთვის გზის მშენებლობისთვის ოთხი მარშრუტი განიხილებოდა. თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდიდან ეს ინფორმაცია გაქრა.

საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის საპროექტო სამუშაოებზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა და ხორვატიული კომპანიის ქართულმა ფილიალმა სს „ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“ გაიმარჯვა. საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 743 761 ლარით დაფინანსდა.

რაჭის გუბერნატორის თქმით, აღნიშნული პროექტი მომავალი წლის ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის უპირატესია.

„რაჭა-საჩხერის გზა მომავალ წელს დაიწყება და 2020 ან მაქსიმუმ 2021 წელს დასრულდება. აღნიშნული გზა დედაქალაქიდან რაჭამდე მგზავრობის პერიოდს, დაახლოებით ერთი საათით შეამცირებს. ასევე, მომავალი წლის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი გზა, რომელის მშენებლობაც უკვე მიმდინარეობს და მომავალ წელსაც აქტიურად გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება რაჭის რამდენიმე რაიონის სივრცითი მოწყობის გენერალურ გეგმას, რომელზე მუშაობაც გასულ თვეში უნდა დასრულებულიყო, გუბერნატორის თქმით, ვადები შეიცვალა და გაზაფხულზე დასრულდება.

მისი ინფორმაციით, ადგილობრივ ხელისუფლებას რეგიონში, დაპირებული რაც ჰქონდა, თითქმის ყველა პროექტი განახორციელა: „საბოლოო ჯამში ისეთი პროექტი არ გვაქვს, ჩავარდნის საფრთხე რომ ემუქრებოდეს. რაც დაპირებული იყო, რომ მიმდინარე წელს გაკეთდებოდა, წლის ბოლომდე დასრულდება.“

რაც შეეხება ტურისტულ მიმართულებას, გუბერნატორის თქმით, რეგიონში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს, მათ შორის ნიკორწმინდის ტაძრის და მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

„ამბროლაურსა და ცაგერში ტურისტული ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს. წლის ბოლომდე ფანჩატურების, წყაროების მოწყობა დასრულდება. ცაგერის რაიონში გადმოსახედებიც გაკეთდება. ამასთან, ნიკორწმინდის ტაძრის რესტავრაციის, მისასვლელი გზის და მიმდებარე შენობების რეაბილიტაციის შესახებ ტენდერი დასრულდა. ამ მიმართულებით ორი მილიონი ლარი დაიხარჯება. უახლოეს დღეებში სამუშაოები დაიწყება და მომავალი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ტაძრამდე მისასვლელ გზაზე ღობეები შეიცვლება და მიმდებარე ტერიტორია რაჭული, ტრადიციული აივნებითა და ფასადებით მოეწყობა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვლმა განაცხადა, რომ რაჭაში ზამთრისთვის ადაპტირებული კურორტები უნდა განვითარდეს. არჩილ ჯაფარიძის თქმით, რეგიონს ეს პოტენციალი გააჩნია და სამთო-სათხილამურო კურორტად რომელი ტერიტორია შეირჩევა, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„რაჭას ზამთრის ტურისტულ კურორტად ჩამოყალიბების პერსპექტივა ნამდვილად გააჩნია, კერძოდ კურორტ შოვს. მაღალმთიან სოფლებში თოვლის ხარისხი მისაღებია. შოვსა და უწერაში 200-ზე მეტი მინერალური წყალია. ინვესტორები დაინტერესებულები არიან და იმედია, რომ გააქტიურდებიან. რამდენიმე ადგილი შეირჩა, სადაც სამთო-სათხილამურო ზონის მოწყობა იგეგმება, მათ შორის ბუბას მყინვარი. საპროექტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. სპეციალისტები სწავლობენ ტერიტორიას და გადაწყვეტენ, სად უფრო შესაძლებელი იქნება სათხილამურო ტრასების მოწყობა. ერთი ვარიანტია შოვში, ე.წ. რკინის წყლის ტერიტორია. კომუნისტების დროს, აქ სამოყვარულო ტრასა იყო მოწყობილი. საბოლოოდ სპეციალისტები რომელსაც დაუჭერენ მხარს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა იქ მოეწყობა“, - განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

რაც შეეხება შოვში სანატორიუმის აშენების საკითხს, მისი თქმით, ამ ეტაპზე ტერიტორია პრივატიზებულია, ინვესტორებმა სურვილი გამოხატეს, თუმცა კონკრეტული ქმედებები ჯერ დაწყებული არ არის.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.