ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წელს მთის კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა
02 მაისი, 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” 2018–2019 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დაასრულა, რომელიც 128 დღე გაგრძელდა.

გუდაური 2018-2019 წლის სათხილამურო სეზონს ექვსი ახალი საბაგიროთი შეხვდა, ხოლო ორ საბაგიროს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამატებითი საბაგიროების მშენებლობით და არსებულის რეკონსტრუქციასთან ერთად, სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა.

“გუდაურიში, ბაკურიანში, სვანეთში და გოდერძიზე დამონტაჟებული ავსტრიული კომპანია “სკიდატას” უკონტაქტო გამშვები პუნქტები საშუალებას იძლევა ზუსტად მოხდეს ვიზიტორების რაოდენობის დათვლა.

ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. 2011–2012 და 2018–2019 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) 578 % -ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა.

2017-2018 წლების ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად მომატებულია – ვიზიტორების რაოდენობა 15%-ით არის გაზრდილი.

კურორტ გუდაურში 2018–2019 წლის სათხილამურო სეზონზე 2017 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 19%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ბაკურიანს, 2018–2019 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2017–2018 წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობამ 20 %-ით მოიმატა.

მაღალმთიან აჭარაში, კურორტი გოდერძი უკვე მეოთხე წელია დამსვენებლებს მასპინძლობს. 2018–2019 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გასულ წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 43%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში გოდერძის სათხილამურო კურორტს 14 758 ვიზიტორი ესტუმრა.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2018–2019 წლის სათხილამურო სეზონზე 2017–2018 წლებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით, ხოლო ჰაწვალზე 13%-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში, 41 499 ვიზიტორი ეწვია”, – ნათქვამია “მთის კურორტების განვითარების კომპანიის” განცხადებაში.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.