ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 5,1 პროცენტით გაიზარდა
12 აპრილი, 2019

2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882 130 შეადგინა, რაც 42 590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა 2019 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით არსებული ტურიზმის სტატისტიკური მონაცემების შეჯამებისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2019 წლის სამ თვეში საქართველოში 1 617 548 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,2%-ია.

„2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 882,130 შეადგინა, რაც 42,590-ით მეტია 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე (ზრდა +5.1%).

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: ლატვია +84.5%, სლოვაკეთი +81.8%, პოლონეთი +79.1%, ჩეხეთი +66.8%, ლიეტუვა +43.3%, გერმანია +30.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ისრაელი +114.6%, ჩინეთი +59.3%, საუდის არაბეთი +52.8%და სხვა.

მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ვიზიტების სტრუქტურა. იზრდება შედარებით მაღალმხარჯველიანი სეგმენტის წილი: ევროკავშირის ქვეყნები, საჰაერო გზით განხორციელებული ვიზიტები და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები. 2019 წელს განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საჰაერო გზით განხორციელებულ ვიზიტებში 23,8%, წილი კი 26,6%-ს შეადგენს, 2018 წელს კი საჰაერო ვიზიტების წილი 21,7%-ს შეადგენდა“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 334 მილიონ დოლარს (ზრდა +4.8%), რაც15 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წელს შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 3.2 მილიარდ დოლარს (ზრდა +19.1%), რაც 518 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის მონაცემებით შეადგენს 7.6%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +21.5%-ია.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.