ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წელს საქართველოში შესაძლოა, ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს
08 ივნისი, 2017

2023 წელს საქართველოში შესაძლოა, ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს – ამის შესახებ რადიო "კომერსანტის" გადაცემაში Myrest–ი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა.

"2023 წლის მარტში საქართველოში ფრისტაილში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობა გვეძლევა, ამ საკითხზე სათხილამურო ფედერაციასთან და სპორტის სამინისტროსთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. ინიციატივა მოწონებულია და უკვე განხილულია მთავრობის მიერ და შესაბამისად, ჩვენ ალბათ, ჩავატარებთ ამ ჩემპიონატს. ჩემპიონატი, რომელიც 2 კვირის განმავლობაში ჩატარდება ბაკურიანში, სპორტსმენებს მინიმუმ 25 ათასი გულშემატკივარი ჩამოჰყვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის", – განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.  

ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში შესაძლო ჩატარების შესახებ განცხადება პრემიერ მინისრტმა გიორგი კვირიკაშვილმა ორიოდე თვის წინ გააკეთა. ამ საკითხზე პრემიერმა შვეიცარიაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტებთან შეხვედრებზე ისაუბრა. კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ ნებართვის მოპოვების შემთხვევაში, 5-წლიან პერსპექტივაში, საქართველომ შესაძლოა სნოუბორდის ან ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს.

„ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი, საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის და სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას, როგორც სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნიორობის მოდელების გამოყენების კუთხით", - აღნიშნა მაშინ პრემიერმა.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.