2014-2021 წლებში საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის კომპანიებს 11 მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ
2014-2021 წლებში პრივატიზების პროცესის შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 6 კომპანიას 11 240 003 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრათ.
„კომერსანტის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ დარიცხული პირგასამტეხლოების დიდი ნაწილი ამ დრომდე გადაუხდელია.
პირველი დაჯარიმებული კომპანია რომლის შესახებაც მოგიყვებით, შპს „სისტემ ნეტია“. კომპანიამ 2016 წელს თბილისში, გორგასლის შესახვევი N5 - ში 17 313.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5 037 000 მლნ ლარად შეიძინა. საინვესტიციო ვალდებულებით 2019 წლამდე შპს „სისტემ ნეტს“ უნდა უზრუნველეყო 120 ნომრის მქონე სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. დარღვეული ხელშეკრულების გამო ქონების ეროვნული სააგენტომ კომპანიას 6 188 604 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დააკისრა, რომელიც შპს „სისტემ ნეტს“ არ გადაუხდია. ამ დროის განმავლობაში ხელშეკრულებაში ცვლილება არ განხორციელებულა და არც შემწყდარა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სიპ-ში საქმის წარმოება მიმდინარეობს.
925 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო აქვს დაკისრებული შპს გრანდ ბილდერს. კომპანიას, რომელმაც 2016 წელს ზუგდიდში, აღმაშენებლის ქუჩა N87-ში მდებარე 4811 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1 200 ლარად იყიდა.
კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ წელიწად-ნახევარში არანაკლებ 60 ნომერზე გათვლილი სასტუმრო უნდა აეშენებინა. უძრავი ქონების განვითარება ასევე მოიცავდა არანაკლებ 100 (ასი) ადამიანზე გათვლილ საკონფერენციო დარბაზს, არანაკლებ 20 ადამიანზე გათვლილ სატრენაჟორო დარბაზს, ღია საცურაო აუზს და რესტორანს. საპრივატიზებო ქონების შემოღობვას, გამწვანებას, გარე განათებას და არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომს. შპს „გრანდ ბილდერს“ საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
წარმოქმნილი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, კომპანიას 925 000 ლარის ოდენობის პირგასამტეხლო დაეკისრა, რაც გადახდილი არ არის. ხელშეკრულება კომპანიასთან შეწყვეტილია, სააგენტოში კი წარმოება არ მიმდინარეობს.
კიდევ ერთი დაჯარიმებული კომპანია შპს ,,ბლექ სი რიზორთია“. სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ შვილობილმა კომპანიამ სოფელ ბუკნარში მდებარე 90 135 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით, ელექტრონულ აუქციონზე, 13 650 000 ლარად 2017 წელს შეიძინა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2022 წლის სექტემბრამდე კომპანიას უნდა უზრუნველეყო 100-ნომრიანი სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. უძრავი ქონების განვითარება ასევე მოიცავდა რესტორნის, საკონფერენციო დარბაზის, სპორტული მოედნის და 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის აშენებას. ასევე გათვალისწინებული იყო სასტუმროში, არანაკლებ 30 ადამიანის დასაქმება.
უწყებაში საქმის წარმოება მიმდინარეობს, დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა 3 424 928 ლარია. თანხა შპს ,,ბლექ სი რიზორთ’’-ს არ გადაუხდია. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ხელშეკრულებაში ცვლილება არ განხორციელებულა და არც შემწყდარა. სააგენტოს საქმის წარმოება დაწყებული აქვს.
ქონების ეროვნული სააგენტოს საქმის წარმოება კიდევ ერთი კომპანიის წინააღმდეგ აქვს დაწყებული. სახელმწიფო უწყებამ 2017 წლის აგვისტოში ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გაასხვისა. აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო, უძრავ ქონებაზე სულ მცირე 6 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა და ადგილზე სასტუმრო აეშენებინა. კომპანიას ასევე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისათვის, ვაჟა ფშაველას N33-ში 2 630 000 ლარის ღირებულების, მინიმუმ 2900 კვ.მ. ფართის შენობის აშენება დაევალა.
ქონება შპს „ბეტა ჯგუფმა“ იყიდა, თუმცა სასტუმროს მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა. 2021 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო 624 710 ლარია. თანხა შპს შპს „ბეტა ჯგუფს“ არ გადაუხდია. აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში ხელშეკრულებაში ცვლილება არ განხორციელებულა და არც შემწყდარა.
დარიცხული პირგასამტეხლო ინვესტორებთან გაფორმებული ინდივიდუალური ხელშეკრულებების მიხედვით განისაზღვრება. შესაბამისად ყველაზე ცოტა, 225 ლარით ალექსანდრე ჭაბაშვილი დაჯარიმდა. მან 2019 წელს სიღნაღში 1 174 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 37 000 ლარად შეიძინა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ჭაბაშვილს არანაკლებ 10 ნომრის მქონე სასტუმრო უნდა აეშენებინა, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლო 225 ლარი გადახდილი არ არის, ქონების ეროვნული სააგენტოს კი საქმის წარმოება აქვს დაწყებული.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლო 76 536 ლარი, მხოლოდ ერთ კომპანიას, შპს „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ აქვს გადახდილი. კომპანიამ თბილისში, აღმაშენებლის გამზირ N178-ში მდებარე 2 298.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2014 წელს 3 500 000 ლარად შეიძინა. ინვესტორს აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმრო უნდა აეშენებინა. საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით „ჯორჯიან ჰოტელ მენეჯმენტს“ არანაკლებ 3 000 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა.
commersant.ge