მაშინ, როცა ქვეყანაში რთული ეკონომიკური მდგომარეობაა, ხოლო ბიზნესი მსხვილი ინვესტიციის განხორციელებისგან თავს იკავებს, კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დაპაუზებულია. საქართველოს მთავრობის წევრები ამტკიცებენ, რომ მათთვის ბიზნესის ხელშეწყობა პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება, თუმცა სურათი რადიკალურად განსხვავებულია.
„კომერსანტი“ მოგიყვებათ პროექტის შესახებ, რომელსაც ბიუჯეტისთვის მილიონობით ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტისთვის 10 ახალი სამუშაო ადგილი უნდა მოეტანა. თუ 2017 წელს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციას დავუჯერებთ, ახლა სოფელ ციხისძირში და სოფელ ბუკნარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მრავალფუნქციურ სასტუმრო-აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე უნდა იყოს. თუმცა ხელშეკრულების გამორმებიდან 4 წლის შემდეგაც კომპლექსის მშენებლობა არ დაწყებულა.
პროცესს დეტალურად მივყვეთ. შპს ,,ბლექ სი რიზორთ’’-მა 2017 წელს სოფელ ბუკნარში მდებარე 90 135 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საინვესტიციო ვალდებულებით, ელექტრონულ აუქციონზე, 13 650 000 ლარად შეიძინა. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 29.09.2022 წლამდე კომპანიას უნდა უზრუნველყო 100 ნომრის მქონე სასტუმროს აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში სრულად უნდა დაფარულიყო. უძრავი ქონების განვითარება ასევე მოიცავდა რესტორნის, საკონფერენციო დარბაზის, სპორტულi მოედნის და 30 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომის აშენებას. ასევე გათვალისწინებული იყო სასტუმროში, არანაკლებ 30 ადამიანის დასაქმება.
შპს ,,ბლექ სი რიზორთ’’ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში 2016 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მეწილეები მაშინ ყოფილი ბანკირები მამუკა ხაზარაძე (33%) და ბადრი ჯაფარიძე (33 %) იყვნენ, კომპანიის წილის 34% ნიდერლანდების მოქალაქე ბობ მეიერს ეკუთვნოდა. 2017 წლის დეკემბერში განხორციელებული ცვლილებით კომპანიის 100% წილის მფლობელი სააქციო საზოგადოება სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ გახდა. კომპანია დღესაც შპს ,,ბლექ სი რიზორთ’’-ის 100% წილს მართავს.
თავის მხრივ, სს „ლისი ლეიქ დეველოპმენტი“ რეესტრში 2010 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭოა, რომლის წევრებიც არიან ნიკა ხაზარაძე, თამარ ჯაფარიძე, ბობ მეიერი და მარიამ მეღვინეთუხუცესი.