ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყაზბეგის გენგეგმაზე 2019 წელს დაწყებული სამუშაო დღემდე დაუსრულებელია
20 იანვარი, 2022

ლამაზი ხედების, თბილისთან და განსაკუთრებით გუდაურთან სიახლოვის გამო დაბა სტეფანწმინდა ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილად რჩება. საკმაოდ დიდი პოტენციალის მიუხედავად, დამსვენებლებს ადგილზე მხოლოდ 1 მაღალი კლასის სასტუმრო Rooms Hotel Kazbegi ხვდებათ. რეგიონის განაშენიანების გენგეგმაზე მუშაობა 2019 წელს დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის უფროსი ჯემალ სუჯაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას ამ შეფერხებას პანდემიას უკავშირებს.

სტეფანწმინდა თბილისიდან 150 კმ-ის მოშორებით, ზღვის დონიდან 1750 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. რაიონული ცენტრიდან 35 კმ-ში სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაურია, 12 კმ-ში კი რუსეთის საზღვარი და ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი. როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო ტურისტებისთვის, ყაზბეგში ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად ზღვის დონიდან 2200 მეტრის სიმაღლეზე მდებარე გერგეტის სამება რჩება. მთებისა და კლდეების მომხიბვლელობის მიუხდავად, მუნიციპალიტეტში პრობლემებიც ბევრია, რაც ძირითადად გაუმართავ ინფრასტრუქტურაში და ბრენდული სასტუმროების დეფიციტში გამოიხატება.

2019 წელს ყაზბეგის განაშენიანების გენერალურ გეგმაზე დაიწყო მუშაობა, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით ჯერჯერობით კონცეფციაც კი არ არის მიღებული.

ჯემალ სუჯაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ საჯარო განხილვის პერიოდი პანდემიას დაემთხვა, რის გამოც ის ონლაინ რეჟიმში გაიმართა და რადგან განხილვაში მონაწილეობა ბევრმა ვერ მიიღო, დასამტკიცებლად საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტი, წარმომადგენლობითმა ორგანომ ხელახალი განხილვისთვის უკან დააბრუნა. ხელახალი განხილვა ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით მაისში გაიმართა, შენიშვნების მიღების შემდეგ კონცეფციის შესწორებული ვერსია არქიტექტურის სამსახურმა საკრებულოს თავიდან გადაუგზავნა, რასაც შემდეგ უკვე არჩევნები დაემთხვა.

კონცეფცია საბოლოო დოკუმენტი არაა და ის მხოლოდ ძირითადი დოკუმენტის საფუძველს წარმოადგენს. კონცეფციის დამტკიცების შემდეგ ძირითადი დოკუმენტის საჯარო განხილვა და ბოლოს უკვე მისი დამტკიცებაა საჭირო. რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი - უცნობია.

პანდემიამდე ტურიზმი საქართველოში ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ სექტორად მიიჩნეოდა. 2019 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.3 მლრდ-ს მიაღწია, 2020 წელს $3.5 მლრდ-სთვის უნდა გადაეჭარბებინა, მაგრამ პანდემიის გამო $540 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი $1.2 მლრდ შეადგინა.

2021 წელს საქართველოში შემოსულმა საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ 1,881 მლნ შეადგინა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 7.7%-ით აღემატება, 2019 წლის მაჩვენებელს კი 80%-ით ჩამორჩება. მოგზაურებიდან 1,721 მლნ ვიზიტორად აღირიცხა, ხოლო მთელი ვიზიტორებიდან 1,577 მლნ ტურისტად, ეს ადამიანები საქართველოში მინიმუმ 24 საათი დარჩნენ. ტურისტების რაოდენობა 2020 წელთან შედარებით 45.1%-ით გაიზარდა, მაგრამ 2019 წელთან შედარებით მაინც 69%-იანი კლება ფიქსირდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.