2021 წელს შიდა ბაზარზე გაყიდვების 50%-იანი კლებაა, ბიზნესს სწორება ექსპორტზე აქვს - ,,შუხმან ვაინი“
რთული და პანდემიით გამოწვეული სიძნელეების მიუხედავად, კომპანია ,,შუხმან ვაინის“ საქმიანობაში მიმდინარე წელი, 2020 წელთან შედარებით, აშკარად უკეთესია, თუმცა 2019 წლის მაჩვენებლებს რომ დაუბრუნდეს, ბიზნესს დაახლოებით წელიწადნახევარი დასჭირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,კომერსანტთან“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნუცა აბრამიშვილმა ისაუბრა.
რაც შეეხება ექსპორტს, მისი ინფორმაციით, ჯამში 10%-იანი კლებაა, თუმცა ეს მდგომარეობა პანდემიური ვითარების შესაბამისია და დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა კორონავირუსის პირობებში სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური მარკეტინგული კამპანია არ განხორციელებულა.
,,რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდის მიუხედავად, 2021 წელი, წინა წელთან შედარებით, იყო ცალსახად უკეთესი. მით უმეტეს, როცა პანდემია ისევ გრძელდება, მაგრამ მიღწეული შედეგები აშკარად პოზიტიურია. მთავრდება წელიწადი, რომელიც 50%-ით უკეთესი იყო წინა წელთან შედარებით. თუკი დადებითად განვითარდა მოვლენები და 2022 წელს პოსტპანდემიურ რეალობაში ნამდვილად აღმოვჩნდებით, შესაძლებელია 2019 წლის მაჩვენებლებს დავუბრუნდეთ. სავარაუდოდ უფრო მალეც, ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობენ. ვფიქრობ, ამისთვის დაახლოებით წელიწადნახევარი დაგვჭირდება. ამას ამყარებს ღვინის ექსპორტის მიღწევები, ადგილობრივი ბაზრის გამოცოცხლება და ასევე რამდენიმე ათასი ტურისტი, რომელიც 2021 წელს ჩამოვიდა საქართველოში. ეს არის გარანტი, რაც გვავარაუდებინებს, რომ აღდგენის პროცესი მეტად დაჩქარებული იქნება. ადგილობრივი დისტრიბუცია, ადგილობრივი ბაზარი და ექსპორტი ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა“, - აცხადებს ნუცა აბრამიშვილი და დასძენს, რომ 2021 წელს ექსპორტს ჰქონდა 10%-იანი კლება, რაც განპირობებულია ასევე ადგილობრივი ბაზრის კლებით.
„2020 წელს ღვინის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე 70%-ით იყო შემცირებული, ხოლო 2021 წელს 50%-იანი შემცირებაა. ანუ, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების 20%-იანი აღდგენა დაფიქსირდა. მთლიანობაში, ექსპორტსა და ადგილობრივზე მთლიანად 10%-იანი შემცირებაა. რაც მთავარია, ყველა ტრადიციული და საერთაშორისო მსყიდველობითუნარიანი ბაზრები შენარჩუნებულია, სადაც ,,შუხმან ვაინი“ და ზოგადად ქართული ღვინის სექტორი მუშაობდა. თამამად შეიძლება თქმა, რომ სტაბილურობა შენარჩუნებულია. ამას მოწმობს ის გარემოებაც, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებაში ღვინის ექსპორტი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა და მშპ-ში მნიშვნელოვან როლს ასრულებს“, - განმარტავს ,,კომერსანტთან“ ნუცა აბრამიშვილი.
რაც შეეხება კომპანიის პერსპექტივას, ,,შუხმან ვაინის“ გენერალური დირექტორის პროგნოზით, რთული პერიოდი გადალახულია, რაც იძლევა იმედს, რომ გაჯანსაღების პროცესი დაიწყება. შესაბამისად, გაიზრდება ექსპორტი, შესაძლოა, ბაზარზე თამაშის ახალი წესები დამკვიდრდეს, რაც არსებულ ტენდენციას უკეთესობისკენ შეცვლის.
ცნობისთვის, „შუხმან ვაინს ჯორჯია” 2010 წელს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დაარსდა. მისი დამფუძნებელი გერმანელი ბიზნესმენი ბურკჰარდ შუხმანია. კომპანია პროდუქციას 15-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის. შუხმანის ღვინოები ევროპის, აზიისა და აშშ-ის ბაზრებზეა წარმოდგენილი.
ამ ეტაპზე კომპანიაში 180 ადამიანია დასაქმებული.
commersant.ge