ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 10.2% ვპროგნოზირებთ, წინა 9.2%-დან - Galt&Taggart
08 ნოემბერი, 2022

მშპ-ს ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 10.2% ვპროგნოზირებთ, წინა 9.2%-დან, — ამის შესახებ Galt&Taggart-ის კვირის მიმოხილვაშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის სექტემბერში საქართველოს რეალური მშპ-ის წლიური ზრდა 8.8%-მდე შენელდა, წინა თვის 10.5%-იანი ზრდის შემდეგ. ჯამურად, 2022 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 10.2%-ით გაიზარდა. სექტემბერში ზრდა დაფიქსირდა ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობის, მასპინძლობის და მრეწველობის დარგებში, ხოლო შემცირდა უძრავი ქონების სექტორში. 

„საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში სამომხმარებლო ფასების წლიური ინფლაცია 10.6%-მდე შენელდა, წინა თვის 11.5%-იანი დონიდან. ამასთან, საბაზო ინფლაცია, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, ასევე შენელდა 7.3%-მდე. 2022 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+15.8%, 5.22პპ), ტრანსპორტი (+11.6%, 1.38პპ), საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია, აირი (+13.5%, 1.31პპ), და სასტუმროები და რესტორნები (+16.8%, 0.71პპ). ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ადგილი ჰქონდა 0.5%-იან ინფლაციას, რაზეც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების (+1.4% თ/თ) და ტრანსპორტის (-2.0% თ/თ) კატეგორიებში“, — აღნიშნულია მიმოხილვაში.

Galt&Taggart-ის შეფასებით ტურიზმის შემოსავლებმა 2.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში, რაც თითქმის სრულად აღდგენაა 2019 წლის პირველ 10 თვესთან შედარებით.

„2022 წლის ოქტომბერში 442.6 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი (+115.2% წ/წ, ჯამურად ტურისტული და ერთდღიანი ვიზიტები) მოგზაურობდა საქართველოში. ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა რუსეთიდან (24.7% წილი ჯამურ ვიზიტებში), რასაც მოჰყვება თურქეთი (18.3% წილი) და სომხეთი (16.5% წილი). ვიზიტორთა უმრავლესობა საქართველოში შემოვიდა საავტომობილო ტრანსპორტით (65.1%-იანი წილი), რასაც მოსდევს საჰაერო გზით შემოსვლა (34.0%-იანი წილი). ამასთან ტურისტული ვიზიტების აღდგენა ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით შენელდა, რომელმაც 2019 წლის ოქტომბრის დონის 78.5% შეადგინა, წინა თვის 83.8%-იანი აღდგენის შემდეგ, ხოლო ერთდღიანი ვიზიტორების აღდგენა მცირედით ჩამორჩება წინა თვის მაჩვენებელს. ჯამურად, 2022 წლის პირველ 10 თვეში საქართველოს 3.8 მლნ საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, აქედან 3.0 მილიონი ტურისტი იყო (+137.9% წ/წ, 2019 წლის პირველი 10 თვის 68.8%)“, — ნათქვამია კვირის მიმოხილვაში.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.