აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის მზარდი სტატისტიკისა და 2024 წელს დაგეგმილი საერთაშორისო პროექტების შესახებ იმსჯელეს.
აჭარის მთავრობის მეთაურის განცხადებით, რეგიონისთვის ტურისტული თვალსაზრისით 2023 წელი იყო გამორჩეული. აჭარამ შეძლო სრულად აღედგინა როგორც ვიზიტორთა ნაკადები, ასევე, გაეზარდა შემოსავლები ტურიზმიდან.
სამუშაო თათბირზე ყურადღება გამახვილდა სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიებზე, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2024 წელს სამიზნე ქვეყნებში განახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს ყველა იმ მნიშვნელოვან პლატფორმაზე, რომლის მეშვეობითაც მოხდება ვიზიტორების მოზიდვა საქართველოში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას რეგიონში. აჭარის მთავრობის მთავარი სტრატეგიაა აჭარა გახდეს მიმზიდველი ტურისტული მიმართულება ოთხივე სეზონზე.
2023 წელს ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავლებმა ქვეყანაში შეადგინა 3.3 მილიარდი დოლარი, რაც გულისხმობს 30%-ით მატებას. აჭარის რეგიონში შიდა და საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ პირველად 4,3 მილიონს გადააჭარბა. რეგიონში ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 25.3%-ით. მზარდია სტატისტიკა მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზეც, მთიან აჭარაში ვიზიტების რაოდენობა გაიზარდა 20% -ით.
აჭარაში აქტიურად გრძელდება მდგრადი ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება.
commersant.ge