ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წელს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 30%-ით გაიზარდა
15 იანვარი, 2024

1 მილიონზე მეტი ვიზიტორი და 30%-ით გაზრდილი საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა - ასეთია დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის მონაცემები.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, უცხოელი ტურისტების მზარდი მაჩვენებელი სწორი პოლიტიკის შედეგია, ასევე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებულმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა, მათ შორის ღამის განათებებმა, რამაც ვიზიტის დრო გაახანგრძლივა და შესაბამისად, ტურისტების რაოდენობაც გაზარდა.

ზოგადად კი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 2023 წელს, წინა წელთან შედარებით 20%-მდე გაიზარდა.

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაცული ტერიტორიებისთვის 2023 წელი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანი საკონსერვაციო ღონისძიებები გავატარეთ არაერთ დაცულ ტერიოტრიაზე. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს ძალიან ბევრი ვიზიტორი ეწვია დაცულ ტერიტორიებს. საერთაშორისო ქვეყნებიდან ვიზიტორების რაოდენობა დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც მიუთითებს იმ სწორ პოლიტიკაზე, რასაც დაცული ტერიტორიების სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ეწევა,"-აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი.

მისივე თქმით, ვიზიტორთა გაზრდილი რაოდენობა განსაკუთრებით შეინიშნება ყაზახეთიდან, საუდის არაბეთიდან, გაერთიანებულ არაბთა საამიროებიდან, ტაილანდიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან და შესაბამისად ის ქვეყნები, რომლებიც აქამდე არ ხასიათდებოდა მაღალი ვიზიტორთა რაოდენობით, წელს უკვე სტატისტიკაში აღირიცხება.

"მომავალი წლისთვის ვფიქრობ, სრულად დასრულდება 1200 კილომეტრიანი ბილიკების ქსელის პროექტი. ასევე, უნდა ვახსენოთ მომავალი წლისთვის საინტერესო პროექტი, რომელსაც ბალდის კანიონზე ვახორციელებთ.ეს მარტვილის შემდეგ იქნება მეორე კანიონი, სადაც ვიზიტორებს სასიამოვნო დროის გატარების საშუალება ექნებათ. ეს იქნება ე.წ დესტინაცია, სადაც ვიზიტორები, ბუნების გარდა ისიამოვნებენ როლერით, რომელიც პირველად საქართველოში შშმ პირებზე გათვლილი ატრაქცია იქნება,"- აღნიშნავს თამარ ხახიშვილი. 

გასული წლის მონაცემებით, ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებია მარტვილის კანიონი, პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი, მტირალასა და თბილისის ეროვნული პარკი.

რაც შეეხება 2024 წლის მოლოდინებს, სექტორის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს ელიან. 

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.