2023 წლის პირველი იანვრიდან შიდა ქართლის, რაჭის და კვერეთის აღკვეთილის დაცული ტერიტორიები იქმნება
2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 882 352 ვიზიტორი ესტუმრა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს 54%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ კუსიდიმ განაცხადა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ძალაში შედის კანონი შიდა ქართლში, რაჭაში და საჩხერის მუნიციპალიტეტში (კვერეთის აღკვეთილი) დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. მთავარი მოლოდინი კი 2023 წლისთვის პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუნებაა, როცა დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რიცხვი 1.2 მლნ იყო.
ბესიკ კუსიდის თქმით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ზრდა ობიექტებზე დამატებითი სერვისების შეთავაზებითაა გამოწვეული.
„ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია მარტვილის კანიონია, სადაც დღეის მდგომარეობით ვიზიტორებს შეუძლიათ ზიპლაინით ისარგებლონ, რომლის მეშვეობითაც ისინი კანიონში მოხვდებიან. წალკის კანიონი მიმდინარე წლის ზაფხულიდან ფუნქციონირებს და უკვე მესამე ადგილზეა დაცული ტერიტორიების ვიზიტორების რაოდენობით. მას უკვე 10 000 ადამიანი ესტუმრა,“ - განაცხადა ბესიკ კუსიდიმ.
მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტომ განახორციელა ფშავ-ხევსურეთის ვიზიტორთა ცენტრის გახსნაა, რაც სააგენტოს ვიზიტორების აღრიცხვიანობაში დაეხმარება და ტურისტების უსაფრთხოებასა და კომფორტსაც უზრუნველყოფს.
ბესიკ კუსიდიმ „კომერსანტის“ ეთერში ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ახალი მარშრუტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ბილიკზე მთამსვლელებისა და ტურისტებისთვის თავშესაფრებიც მოეწყობა, რაც ვიზიტორების ამ მარშრუტით დაინტერესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.
commersant.ge