ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
2023 წლის პირველი ნახევრიდან Airbus-ის მიერ წარმოებული ვერტმფრენები c-check-ის გავლას თელავში შეძლებენ
20 დეკემბერი, 2022

2023 წლის პირველი ნახევრიდან Airbus-ის მიერ წარმოებული ვერტმფრენები c-check-ის გავლას თელავში შეძლებენ.  ქართული ავიაკომპანია Geosky გახდა პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელი იქნება და ამ ბრენდის ქვეშ განახორციელებს ტექნიკურ ოპერაციებს. Geosky-მ ქვეყანაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უკვე შექმნა და გაზაფხულისთვის მის ტექნიკურ აღჭურვილობასაც განახორციელებს.  Airbus-ის მხრიდან სერტიფიცირების შემდეგ კი ვერტმფრენების მომსახურებასაც დაიწყებს.

როგორც Geosky-ს ვიცე-პრეზიდენტმა შალვა კიკნაძემ  განაცხადა, რომელიც ამ დროისათვის საფრანგეთში Airbus-თან მოლაპარაკებების და სამომავლო გეგმების შესათანხმებლად იმყოფება, თელავში საჰაერო ხომალდების ანგარის და ტექნიკური მომსახურებისთვის გასაწევი ინფრასტრუქტურა უკვე გამართულია და დღეს Airbus-ის მხრიდან ავიაკომპანიას გადაეცა მოთხოვნების ჩამონათვალი, რისი დაკმაყოფილებაც კომპანიას უახლოეს თვეებში მოუწევს, რათა Airbus-ის წარმოებული საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების უფლება მოიპოვოს.

„ავიაკომპანია Geosky-მ დაასრულა თელავში ანგარის მშენებლობა, რომელიც იყო Airbus-თან მოლაპარაკებების პირველი ეტაპი. ამჟამად ვიმყოფებით მარსელში, Airbus Helicopters-ის სათავო ოფისში, რათა დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი თანამშრომლობის პროცესი, რადგანაც სერტიფიცირების პროცესი უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად. შეიძლება ითქვას, რომ ურთიერთობის მეორე ეტაპზე გადავედით. უკვე გადმოგვეცა Airbus-ის მოთხოვნები შესაბამისობასთან, რაც უნდა დავაკმაყოფილოთ. 2023 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ სრულად აღვჭურვოთ ჩვენი ანგარი Airbus Helicopters-ის შესაბამისი ხელსაწყოებით და დანადგარებით“, – აცხადებს შალვა კიკნაძე.

აღსანიშნავია, რომ Geosky-ს ინვესტიციით აშენებული ანგარი, რომელიც გათვლილია შვეულმფრენების როგორც ბაზირებისთვის, ასევე ტექნიკური მომსახურებისთვის, ექსპლუატაციაში Geo Sky Technics-ს გადაეცა, რომელიც Geosky-ის მიერაა დაფუძნებული.

აღსანიშნავია, რომ Geosky უკვე სერტიფიცირებულია როგორც ტექნიკური მომსახურების საწარმო და ამ ეტაპზე Agusta-ს ტიპის ვერტმფრენებზე საბაზისო მომსახურების გაწევა შეუძლია.

Geosky-ს ტექნიკური მომსახურების ცენტრში როგორც ქართული ავიაკომპანიების მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების, ასევე რეგიონული მასშტაბით, სხვადასხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფი ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურების გაწევა შეეძლება და მათ აღნიშნული სერვისის მისაღებად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

ამ დროისათვის ქართული კომპანიების მფლობელობაში Airbus-ის 10-მდე ვერტმფრენია.

რაც შეეხება ტექნიკური მომსახურების ცენტრში დასაქმებულ ადამიანებს, ისინი 100%-ით საქართველოს მოქალაქეები იქნებიან, რომელთა გადამზადება Airbus-ის სასწავლო ცენტრში უკვე განხორციელდა.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.