ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ოშკის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს ქართველი სპეციალისტები გაეცნენ
14 ივნისი, 2018

თურქეთში, ერზრუმის პროვინციაში (ისტორიულ ტაო–კლარჯეთში), ოშკის ტაძრის გუმბათის გამაგრებით სამუშაოების მიმდინარეობის პროცესზე დასაკვირვებლად ქართველ სპეციალისტთა ჯგუფის პირველი ვიზიტი დასრულდა.

არქიტექტორ–რესტავრატორის, არქეოლოგის, ხელოვნებათმცოდნისა და კონსტრუქტორისაგან დაკომპლექტებული ჯგუფი მე-10 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ტაძარზე სარეაბილიტაციო პროცესის მოსამზადებელ ეტაპს გაეცნო.

მოსამზადებელი ეტაპი ტაძრის კონსტრუქციული ნაწილის შესწავლას და რეკომენდაციების საფუძველზე საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას გულისხმობს.

წინა სარეაბილიტაციო ეტაპი ტაძრის გუმბათის ყელის კონსტრუქციულ გამაგრებასაც გულისხმობს, რასაც თურქი არქიტექტორ-რესტავრატორები ქართველი კოლეგების მიერ გადაცემული პროექტის მიხედვით განახორციელებენ.

ქართველ ექსპერტთა ჯგუფი შემდგომ ეტაპზეც აქტიურად ჩაერთვება და პროცესს დააკვირდება.

კულტურის სამინისტროში ამბობენ, რომ თურქი სპეციალისტები უზრუნველყოფენ ტაძრის მთლიანი ქსოვილის ზემგრძნობიარე დეტექტორებით აღჭურვას, რომელთაგან მიღებულ ციფრულ მონაცემებზე დაყრდნობით განისაზღვრება ოშკის ყველა კონსტრუქციული ბზარის რეგრესული დინამიკა, დადგინდება მათი წარმოქმნის რეალური მიზეზები და პროგრესირების ხარისხი. 

ტაძრის ქსოვილის ყველა მნიშვნელოვან სეგმენტზე ელექტრონული აპარატურის განთავსება ძალოვანი ხარაჩოს მეშვეობით განხორციელდება. მოპოვებულ მონაცემებს კი სტამბულში, სპეციალურად ოშკის ტაძრის სარეაბილიტაციოდ შეკრებილი სწავლულ ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის, რომელთა მეთოდოლოგიური რეკომენდაციების საფუძველზეც მომზადდება ოშკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო გეგმა და საპროექტო დოკუმენტაციაც. 

სტამბოლში მომუშავე ჯგუფის შეამდგენლობაში საქართველოდან წარგზავნილი არქიტექტორ-რესტავრატორიც ჩაერთვება. 

მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ოშკის ტაძრის ტერიტორიაზე ჩატარდება გეოლოგიური კვლევებიც. სარეაბილიტაციო პროცესის მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე დაგეგმილი არქეოლოგიური კვლევის პროცესიც ქართველი არქეოლოგების აქტიური ზედამხედველობის ქვეშ წარიმართება. ამჟამად არქეოლოგების მონიტორინგის ქვეშ ოშკზე უკვე მიმდინარეობს XX საუკუნისდასაწყისში დაფიქსირებული იატაკის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილისეულ ნაშრომებშია დაფიქსირებული.

ოშკის გუმბათზე გამაგრებითი სამუშაოები საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017 წლის 23 მაისს ხელმოწერილი იმ დოკუმენტის საფუძველზე ხორციელდება, რომელიც 2 ქვეყანას შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში თანამშრომლობის ფართო სპექტრს მოიცავს.

ოშკის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი მე-10 საუკუნეშია აშენებული.იგი ორნამენტების სიუხვით და ქვაზე კვეთილი გამოსახულებებით გამოირჩევა.ოშკი სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. ტაძრის გვერდით დღემდე შემორჩენილია სასულიერო აკადემიის ნანგრევები და სამლოცველო.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.