გუგული მახარაძე აჭარელი გიდია. ის 84 წლისაა და ერთ-ერთი პირველი სერტიფიცირებული გიდი იყო რეგიონში. პროფესიით ფილოლოგმა გიდად მუშაობა 25 წლის ასაკში დაიწყო და დღესაც დეტალურად ახსოვს აჭარის კულტურული თუ ტურისტული ღირსშესანიშნაობების ისტორია და მნიშვნელობა.
მიიჩნევს, რომ ძალიან დიდი თანამდებობა უკავია. „ცოცხალ ადამიანებთან გაქვს საქმე, არ იცნობ მათ და უნდა შეაყვარო შენი ქვეყანა“, - ამბობს გუგული მახარაძე.
ამბობს, ნამდვილი ცხოვრება მაშინ ვნახე როცა გიდად მუშაობა დავიწყეო.
„კარგად მახსოვს პირველი ექსკურსია. ეს იყო 1963 წლის 1 მაისი. ბათუმში შემოვიდა გემი „პენსილვანია“, რომელმაც ტურისტთა ჯგუფი შემოიყვანა ქალაქში. მაშინ გიდებს დიდი პატივიცემით გვეპყრობოდნენ, ჩვენ ვიყავით ქვეყნის სახე და მთავარი რგოლი ტურისტებთან ურთიერთობაში,“ - იხსენებს გუგული მახარაძე.
აჭარაში ღვაწლმოსილი გიდი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა მოინახულა და მას რეგიონში ტურიზმის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სერთიფიკატი გადასცა და აჭარაში ტურისტების მოზიდვის და გიდების კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით განხორციელებული პროექტები გააცნო, საჩუქრად გადასცა დეპარტამენტის მიერ დაბეჭდილი გიდების პრაქტიკული სახელმძღვანელო „გიდის პროფესია“.
„ქალბატონი გუგული არის სამაგალითო ადამიანი. მას 84 წლის ასაკშიც ზეპირად ახსოვს ყველა ის ნიუანსი და მნიშვნელოვანი დეტალი, რაც პროფესიონალი გიდისთვისაა აუცილებელი. ვისურვებდით, რომ ჩვენს ქვეყანას და რეგიონს მისნაირი ბევრი გიდი ჰყავდეს,“ - აღნიშნა სულხან ღლონტმა.
www.travelingeorgia.ge