რეგიონში პირველი „აუთლეტ ვილიჯი“, თბილისში 2023 წლის ივლისიდან გაიხსნება, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განუცხადა. მისი თქმით „აუთლეტ ვილიჯი“ უკვე მყარი კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპზეა.
„აუთლეტ ვილიჯი“ უკვე მყარი კონსტრუქციების მშენებლობის ეტაპზეა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ „დომუს ჯგუფმა“ რომელიც ჩემთან ერთად არის დამფუძნებელი და „აუთლეტ ვილიჯს“ ფლობს, იპოვა უნიკალური გადაწყვეტილება. მსგავსი ტიპის ტექნოლოგიის გამოყენება საქართველოში პირველად ხდება, პრაქტიკულად დიზაინის მიხედვით წინასწარ აწყობილი რკინის კონსტრუქციები ჩამოვიტანეთ დუბაიდან და ფაქტობრივად ლეგოსავით ვაწყობთ, რაც გვაძლევს დროის მოგების საშუალებას და ხარისხიც მაღალია“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.
ცანავას თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან მიმდინარეობს, მათ შორის არიან ისეთი ბრენდები, რომლებიც საქართველოში ჯერ არ ოპერირებენ და პირველად „აუთლეტ ვილიჯის“ მეშვეობით შემოვლენ. „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპის“ მმართველი პარტნიორი ამბობს, რომ ბრენდების 60%-თან კონტრაქტი უკვე ხელმოწერილია, თუმცა კონფიდენციალურობის პოლიტიკიდან გამომდინარე მათი დასახელება ჯერჯერობით არ შეუძლია.
„მალე გვექნება ბრენდების გაჟღერების უფლებაც, თუმცა გეტყვით, იმას რაც მე ძალიან მახარებს, რომ არის ძალიან ბევრი ბრენდი, რომელიც საქართველოში ჩვენ გამო შემოდის.
აქ ორი მიმართულებაა, ბრენდების უდიდესი ნაწილი არ გაძლევს „აუთლეტის“ შემოტანის უფლებას თუ ქვეყანაში იმავე ბრენდის full price მაღაზია არ ოპერირებს. ეს მიდგომა ბევრ ქვეყანაშია. აქედან გამომდინარე ძალიან მაგარი საქმე კეთდება არამარტო ჩვენთვის, ზოგადად ქვეყნისთვისაც. წარმოიდგინეთ რამდენიმე ბრენდმა იმიტომ, რომ აუთლეტში უნდოდათ შემოსვლა, რითეილში შემოსვლა გადაწყვიტა. ერთად ვიმუშავეთ მოვიძიეთ სპონსორები და ეს ბრენდები ჯერ გახსნიან ჩვეულებრივ მაღაზიებს, შემდეგ შემოვლენ ჩვენთანაც, ანუ ამით არა მხოლოდ აუთლეტი, არამედ რითეილ სექტორიც ვითარდება და ახალი და გამორჩეული ბრენდებით იტვირთება. არ არის საუბარი 1 ან 2 ბრენდზე, აქ საუბარია ასეთ 12-15 ბრენდზე, გარდა ამისა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება, რომ ბრენდმა გამონაკლისი დაუშვას და ქვეყანაში მხოლოდ აუთლეტით შევიდეს. ასეთ დაახლოებით 5 ბრენდი გვყავს, რომელიც პირდაპირ აუთლეტში შემოსვლაზე დაგვთანხმდა“, -აღნიშნა გუგა ცანავამ.
გუგა ცანავამ ასევე აღნიშნა, რომ იმ ბრენდებმა, რომლებმაც თავდაპირველად „აუთლეტ ვილიჯთან“ თანამშრომლობისგან თავი შეიკავეს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ თვითონ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი.
„აუთლეტ ვილიჯის“ თავდაპირველი ინვესტიცია 70 მილიონი ლარი იყო, რომელიც „თიბისი ბანკის“ დახმარებით განხორციელდა, თუმცა როგორც გუგა ცანავა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, მიმდინარე მოვლენებმა, ლოგისტიკური ხარჯების თუ სამშენებლო მასალების გაძვირებამ, პროექტს ინვესტიცია გაუზარდა, შესაბამისად „თიბისი ბანკს“ დაფინანსებისთვის კვლავ მიმართეს და საბოლოო ჯამში ინვესტიციამ დაახლოებით 100 მლნ ლარი შეადგინა.
„ბოლო დროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ ინვესტიცია გაგვეზარდა. ფასები ყველაფერზე გაიზარდა, იქნება ეს სამშენებლო მასალები თუ ლოგისტიკური ხარჯები. ამას დაემატა ომიც. თუმცა ომის მიუხედავად ჩვენი პროექტი არ გაჩერებულა, „თიბისი ბანკიც“ მხარში დაგვიდა, ხელი მოვაწერეთ სესხის ხელშეკრულებას, აქ ორ ფაზად არის სესხი დაყოფილი და ინვესტიციამ ჯამში 100 მილიონი ლარი შეადგინა„- აღნიშნა გუგა ცანავამ.
რაც შეეხება დასაქმებას, „აუთლეტ ვილიჯი“, ჯამში 2000 ადამიანს დაასაქმებს.
„აქ გვექნება ორმხრივი დასაქმება, ჩვენ პირდაპირ ვისაც დავასაქმებთ და მაღაზიები ვისაც დაასაქმებენ, ჯამში რომ დათვალო სადღაც 2000 კაცამდე ადის, საკმაოდ მასშტაბური პროექტია, ბრენდების მომსახურე პერსონალი თავისი მენეჯმენტით, დაცვის და დასუფთავების თანამშრომლებით, ტექნიკური პერსონალი, ჩვენი სტაფით დ ა აშ.
დასაქმებულების უმეტესობა სულ ქართველები იქნებიან. ერთადერთი, რამდენიმე უცხოელი არის მენეჯმენტში“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.
„ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტ გრუპი“ 10 ჰექტარ ტერიტორიაზე რეგიონში პირველი - ქალაქის ტიპის „აუთლეტ ვილიჯია“ და ის თბილისის შემოვლითი გზა M2FC+4F, გამარჯვება; ე.წ. გეზის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
commersant.ge