ოზურგეთი უკვე ტრადიციულად ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ჩემპიონატი 3-5 მაისს Bzhuzha Race სოფელ შემოქმედში, მდინარე ბჟუჟზე გაიმართება.
ჩემპიონატში წელს პირველად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას ქართველი სპორტსმენებიც მიიღებენ. მთლიანობაში კი ჩემპიონატში წელს მონაწილეობს ევროპის 9 ქვეყნის 100-მდე საუკეთესო კაიაკერი მიიღებს ისეთი ძლიერი გუნდებიდან, როგორიცაა: Adidas Outdoor, ExoKayak, Red Bull International, S2S Pro Team და ZetKayaks.
აღსანიშნავია, რომ Bzhuzha Race ოფიციალურად გახდა ექსტრემალური კაიაკინგის ევროპის ჩემპიონატის (EKEC) წევრი.
EKEC მოიცავს 5 ჩემპიონატს, რომელსაც საქართველოს გარდა ევროპის 4 ქვეყანა უმასპინძლებს: საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია და ჩეხეთი.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ექსტრემალური შეჯიბრი ოფროუდში, რომელშიც გურიის ოფროუდ ფედარაციისა და აჭარის ოფროუდ კლუბის წევრები ჩაერთვებიან.
Bzhuzha Race, საქართველოს კაიაკინგის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით, გურიის სამხარეო ადმინისტრაციის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და უცხოელი სპონსორების მხარდაჭერით ტარდება.
კაიაკინგის ჩემპიონატი მდინარე ბჟუჟის უნიკალური ტექნიკური მონაცემების გამო ოზურგეთში 2016 წლიდან იმართება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ბჟუჟის ხეობის ცნობადობა და მიიქცია ევროპის სპორტული წრეების ყურადღება, რაც "Bzhuzha Race"-ისთვის ევროპის ჩემპიონატის სტატუსის მინიჭების საფუძველი გახდა.
www.travelingeorgia.ge