პალიასტომის ტბაზე ელექტროძრავიანი ნავებით გადაადგილების უფლება 5 წლით – 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება
პალიასტომის ტბაზე არაუმეტეს 30 ც.ძ.-ის, თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიანი ნავებით გადაადგილების უფლება 5 წლით – 2024 წლის 1-ელ იანვრამდე ხანგრძლივდება.
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომელიც დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოამზადა, მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
კანონის თანახმად, პალისტომის ტბაზე, ტრადიციული გამოყენების ზონაში, 2019 წლის 1-ელ იანვრამდე ელქტროძრავიანი ნავებით გადაადგილება იყო დაშვებული. როგორც მთავრობა განმარტავს, ადგილობრივი მოსახლეობა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში სარგებლობს შეშით, თიბავს და ახორციელებს თევზჭერას პალიასტომის ტბაზე.
„აღნიშნული საქმიანობისთვის მოსახლეობა იყენებს თხევად საწვავზე მომუშავე შიგაწვისძრავიან ნავებს. ამასთან, სხვა ალტერნატიული გზა, თივის და სათბობი შეშის ეროვნული პარკის ტერიტორიიდან გამოსატანად, გარდა ამ ნავებისა, არ არსებობს. მოსახლეობისთვის ასევე არ არსებობს სხვა ალტერნატიული სათიბი ტერიტორიებიც. შესაბამისად, აუცილებელია კანონში ცვლილება და ვადის 2024 წლამდე გადაწევა, რათა ადგილობრივმა მოსახლეობამ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა შეძლოს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
„კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტის ბიუროს 30 აპრილის სხდომაზე წარედგინება.
IPN.GE