მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანს“ პანდემიამ გაფართოების გეგმები დაუპაუზა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ფინანსურმა დირექტორმა ლევან ჯოჯუამ განუცხადა, 2020-2021 წლებში დაგეგმილი იყო სასტუმროს ნომრების 120-მდე გაზრდა. ამჟამად „ბანგურიანში“ 36 ნომერია.
„შემუშავებული გვქონდა არქიტექტურული პროექტი, თავისი ხარჯთაღრიცხვით და ყველა დეტალით. ტერიტორიის ნაწილი შევისყიდეთ კიდეც,“ - აცხადებს ჯოჯუა.
მისი ინფორმაციით, პროექტში დაახლოებით 2.5 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად როდის დადგება იმის შესაძლებლობა, რომ კომპანიამ აღნიშნული საინვესტიციო გეგმა განახორციელოს. ჯოჯუა აცხადებს, რომ პროექტი შესაძლოა 2023 წლიდან გაგრძელდეს.
მისი ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში სასტუმრომ დაახლოებით მილიონი ლარით იზარალა. ლევან ჯოჯუას განცხადებით, ვითარება მძიმეა, აქედან გამოსავალი კი მუშაობის განახლება და უცხოელი ტურისტების შემოსვლაა.
business-partner.ge