„პანდემიის გამო, თვისობრივად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ფასების მიმართ როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე“ - G.vino
„უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ იყო. როგორც იცით, ტურისტული უბნები დიდი პოპულარობით არც ადგილობრივებს შორის სარგებლობენ. ჩვენ თვისობრივად შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ფასების მიმართ როგორც ღვინოზე, ასევე კერძებზე“, ამის შესახებ G.Vino-ს დამფუძნებლებმა გურამ მაისურაძემ და გიორგი აივაზიანმა vinoge.com-თან საუბრისას აღნიშნეს.
„ყველაზე რთულად გადასალახი მაინც პანდემიის პერიოდი იყო. ჯივინო მდებარეობდა ერეკლე II-ის ქუჩაზე, სადაც ჩვენი სტუმრების უმრავლესობა ბუნებრივი ღვინის და ავთენტური ქართული კერძების მოყვარული ტურისტები იყვნენ.
პანდემიის შემდგომ ერეკლეს ქუჩა სრულად შეიცვალა. იქ მოსერნე ნაკადის უმრავლესობა სტანდარტულ, არაფრით განსხვავებულ კერძებს და ღვინოებს ითხოვდნენ. ქუჩის იერსახეც უფრო ტურისტებზე მორგებული გახდა, სადაც ჭარბად ისმის მუსიკა მეზობელი კაფე-რესტორნებიდან, შემოდის ჩილიმის სურნელი და მომსახურე პერსონალი ცდილობს მთელი ძალით შეიპატიჟოს იქ მოსეირნე ადამიანები. ქუჩის ასეთი სახე აღარც ჩვენ მოგვწონდა და არც ჩვენ სტუმრებს, ამდენად იქ ჩვენ ადგილს ვეღარ ვხედავდით და ამ ეტაპზე სხვა მიმართულებით განვითარება გადავწყვიტეთ“, — აღნიშნავენ G.Vino-ში.
G.vino-ს ისტორია 2014 წლიდან იწყება. G.vino-ს მთავარი მიმართულება არის ბიო, ნატურალური, ბიოდინამიური, ერთი სიტყვით, ინდუსტრიულისგან ყველა განსხვავებული.
commersant.ge