პარადოქსია, როდესაც შემოგვყავს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები და მაღალმხარჯველი ტურისტი გვინდა„
„ვავითარებთ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ოპერირებას, ვავითარებთ დაბალბიუჯეტიან აეროპორტს და მოლოდინი გვაქვს მაღალმხარჯველ ტურისტებზე.- ეს სერიოზული აცდენაა. ერთია რა გვინდა და მეორეა, რას ვაკეთებთ,“ - ქართული საავიაციო ბაზრის მომავალსა და ტურიზმის პოსტკოვიდურ პოტენციალზე „კომერსანტთან“ ავიაკომუნიკატორის დირექტორმა და ავიაციის სფეროში ექსპერტმა თამუნა თანდაშვილმა ისაუბრა.
საქართველომ 1 თებერვლიდან რეგულარული საერთაშორისო ფრენები განაახლა. დაახლოებით ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ავიაკომპანია Ryanair საქართველოში ფრენებს არ აღადგენს. რეგულარული ფრენების აღდგენის შემდეგ საქართველოს ავიაციის ბაზრისთვის ლოუქოსთერების მოზიდვა კვლავაც აქტუალურია, თუცა თამუნა თანდაშვილის თქმით, მთავრობის რიტორიკა იმაზე, რომ მაღალმხარჯველობითუნარიანი ტურისტი პრიორიტეტი უნდა იყოს, შესაძლებლობებს აცდენილია.
„განმეორებად ტურიზმზე გავაკეთებდი მეტ აქცენტს, ვიდრე მაღალმხარჯველზე, იმიტომ რომ მაღალ მხარჯველს მაღალი კლასის სერვისი უნდა დავახვედროთ. თუ გადავწყვიტეთ რომ ძვირადღირებული ტურიზმის ქვეყანა ვიყოთ, უნდა გვქონდეს ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა და კურორტების მოწყობის მაღალი კლასის პოლიტიკა. გომის მთაზე მაღალმხარჯველი ტურისტი რამდენად შეძლებს მაღალი კლასის სერვისის მიღებას? ჩვენ უფრო გამოცდილებაზე და შთაბეჭდილებებზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ. არ გამოვირჩევით განსაკუთრებული ატრაქციებით. მაგრამ აქცენტს ვაკეთებთ გასტრონომიული მიმართულებით, დაბალი ტარიფებით და 4 სეზონით - სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ავიაკომპანიისთვის კარგია ის, რომ ოთხივე სეზონზე შეუძლიათ მინიმუმ 40 პროცენტიანი დატვირთულობის შენარჩუნება ჩვენთან,“ - განმარტავს თანდაშვილი.
ყველაფერს ისიც ართულებს, რომ ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნის ზუსტი ვადები არავინ იცის. ამის გამო რეგულარული ფრენების აღდგენა და ტურისტის მოლოდინი ავიაციის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაუგებარია.
„როდესაც რეგულაციები არის ასეთი მკაცრი და აქცენტი სტუმართმასპინძლობაზე გვაქვს, ძლაიან გაუჭირდება რომელიმე ავიაკომპანიას ტურისტული მიმართულებით გაუკეთოს საქართველოს შეთავაზება, გამომდინარე იქიდან, რომ დაკეტილია ჩვენი სარესტორნო სფეროს დახურული სივრცეები და 9 საათის შემდეგ კომენდანტის საათი გვაქვს. თუ გვინდა რომ ნაკადებმა დაიწყოს შემოდინება, უნდა მოვხსნათ 9 საათის შემდეგ შეზღუდვა. თქვენ რომ იყოთ ტურისტი წახვიდოდით ქვეყანაში, სადაც 9 საათის შემდეგ ლოქდაუნია?
ვხედავთ, რომ რამდენიმე ავიაკომანიამ უკვე დააანონსა რეისების აღდგენა. ჯერ იყო კვირაში ორი სიხშირით, ახლა ყატარის ავიახაზებიც აანონსებს. ეს დამოკიდებულია იმ რეგულაციებზე, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს. მოლოდ ერთი მხარით ვერ დაიტვირთება ეს ბაზარი. წამგებიან რეისებს ავიაკომპანიები არ განახორციელებენ. მნიშვნელოვანია, რომ საავიაციო და ტურიზმის პოლიტიკა იყოს თანხვედრაში, ანუ ძალიან კარგად უნდა განვსაზღვრო ჩვენს ქვეყანას როგორ ვაპოზიციონირეიაბთ , რა იქნება ჩვენი ნიშა. ამ მხრივ ჯერ კიდევ ძლიან ბევრი კითხვის ნიშანია. არ ვფიქრობ, რომ საქმიანი ტურიზმის მიმარულებით თურქეთთან კონკურენციის გაწევა გამოგვივა. ინვესტიციები იმ მიმართულებით უნდა ჩავდოთ, სადაც უტყუარად ვართ დარწმუნებული, რომ საავიაციო და ტურიზმის მიმართულება თანხვედრაში იქნება. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია აანონსებს ეკოტურიზმის, აგროტურიზმის მზარდ ტენდენციებს, მაგრამ ეს ქვეყნის პოტენციალზეა დამოკიდებული. ჩვენ კარგად უნდა შევაფასოთ რატომ ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ბალნეოლოგიურ მიმართულებას გავუსმევდი ხაზს, ანუ ისეთ ნიშურ პროდუქტებზე გავაკეთებდი აქცენტს, რომლითაც მეზობელ ქვეყნებსაც ვუწევთ კონკურენციას,“ - განმარტავს ავიაციის ექსპერტი.
თავდაპირველად, საქართველომ რეგულარული ფრენები ქვეყნიდან და ქვეყნის მიმართულებით 2020 წლის 21 მარტს შეაჩერა კორონავირუსის გავრცელების შეკავების მიზნით. 2020 წლის აგვისტოში ხელისუფლებამ მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით ფრენები აღადგინა, ხოლო ნოემბერში ფრენები აღდგა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებით. ასევე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელ-ავივის მიმართულებით.
commersant.ge