Parks.ge – საქართველოს ეროვნულ პარკებში უსაფრთხოდ სამოგზაუროდ მობილური აპლიკაცია შეიქმნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ დაცულ ტერიტორიებზე სამოგზაურო პირველი მობილური აპლიკაცია საქართველოს ტურიზმის სექტორს წარუდგინა.
აპლიკაციაში შეტანილია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ბილიკები, შესაბამისი ინფორმაციით. აპლიკაციის ტექნიკური ნაწილი უზრუნველყო კომპანია „Noxtton“-მა.
„მობილური აპლიკაციით ვიზიტორები სრულფასოვან ინფორმაციას მიიღებენ დაცული ტერიტორიების შესახებ; ვიზიტორები შეძლებენ, წინასწარ განსაზღვრონ მარშრუტი, რაც მოგზაურობას გახდის მაქსიმალურად მარტივს, მოქნილსა და უსაფრთხოს. აპლიკაცია ხელს შეუწყობს სოფლად ეკოტურისტული სერვისების განვითარებას, ეკოტურიზმის განვითარებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.
აპლიკაციის დახმარებით შესაძლებელი იქნება: საქართველოს ეროვნული პარკების ყველა ეკოტურისტულ ბილიკის პოვნა
სასურველი მიმართულების მოძიება ბილიკის სირთულეების მიხედვით
მოგზაურობისთვის საჭირო დროის განსაზღვრა
შთაბეჭდილებების გაზიარება
რუკების offline გამოყენების შესაძლებლობა
სანდო და ოპერატიული შეტყობინებების მიღება დაცულ ტერიტორიებთან, სერვისებთან და მათ დახურვასთან დაკავშირებით
ლაშქრობისას ბილიკიდან გადაცდენის შემთხვევაში ხმოვანი და ვიზუალური გაფრთხილებების მიღება
მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიღება, გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად
აპლიკაციის ჩამოტვირთვა სრულიად უფასოა როგორც IOS, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
ახალი მობილური აპლიკაცია პროექტის „დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების მართვის გაუმჯობესება და სერვისების ზრდა სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით“ ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ (IRDG) პროექტის ნაწილს და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.
imedinews.ge