პატარძეულში „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ტურისტული კომპლექსი „ღვინის სახლი“ იხსნება
კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ახალ ტურისტულ კომპლექსს - KTW-ს „ღვინის სახლი“ გახსნის.
კომპლექსი, რომელიც 20 ოქტომბერს გაიხსნება, აერთიანებს ღვინის მაღაზია-სალონს, სადეგუსტაციო დარბაზსა და კეთილმოწყობილ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
კომპანიაში ამბობენ, რომ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ „KTW-ს” ღვინის ქარხანა და გაეცნონ ღვინის წარმოების 8000-წლოვან ტრადიციას, მონაწილეობა მიიღონ ღვინის დეგუსტაციაში და ქართული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ „ქართულ ეზოში“ უშუალოდ ჩაერთონ კულინარიულ მასტერ-კლასებში.
„კახური ტრადიციული მეღვინეობა“ ქართულ ღვინოს და ალკოჰოლურ სასმელებს 2001 წლიდან აწარმოებს და დღემდე ლიდერი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს.
კომპანიამ სოფელ პატარძეულში ინვესტირება 2013 წელს ღვინის ქარნის მშენებლობით დაიწყო. სამაცივრე ტექნოლოგიით აღჭურვილი ქარხანა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ყოველწლიურად 13 მილიონ ბოთლ ღვინოს და ბრენდს აწარმოებს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია წარმოების 20 მილიონ ბოთლამდე გაზრდა. პროდუქცია ექსპორტზე 21-მდე ქვეყანაში გადის.
KTW-ში იმედოვნებენ, რომ ახალი „ღვინის სახლი“ პატარძეულში ქართველი და უცხოელი სტუმრებისთვის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ტურისტული კომპლექსი გახდება.