„ეკო სოფელი ტყეში“ სოფელ გურგენიანში, ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებში მდებარეობს. მისი შექმნის იდეა 2020 წლის კოვიდპანდემიის პერიოდში გაჩნდა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში, ეკო სოფლის დამფუძნებელი, ნინო ნიორაძე ამბობს — ეკო სოფელი მხოლოდ ხის კოტეჯებს და ადვილად გადასამუშავებელი მასალების გამოყენებას არ ნიშნავს. მთავარი აქ ის გარემო და ეკოსისტემაა, სადაც დასასვენებელი კომპლექსია გაშენებული.
„ოპერირება 2021 წლის სექტემბერში დავიწყეთ, მაგრამ კვების ობიექტი მაშინ არ გვქონდა. 2022 წლის ზაფხულში რესტორანი გავხსენით, რომელიც არა მარტო ჩვენ დამსვენებლებში გახდა პოპულარული, არამედ ადგილობრივ მცხოვრებლებშიც. გვყავს, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუმრები. ძირითადად ევროპელები გვსტუმრობენ, ყველაზე ხშირად - გერმანელები. გასულ წელთან შედარებით, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ეკო სოფელზე მოთხოვნა გაზრდილია. ჯავშნები უფრო ხშირად ერთი კვირით ადრე კეთდება, უცხოელი ტურისტებს რაც შეეხება, ისინი შედარებით წინდაწინ, 6-7 თვით ადრე ჯავშნიან,“ ამბობს ნინო ნიორაძე.
„ეკო სოფელი ტყეში“ 4 სეზონზე გათვლილი დასასვენებელი კოტეჯებია. კვირის დღეებში მომხმარებლებისთვის გარკვეული ფასდაკლებებია დადგენილი, შაბათსა და კვირას - სტანდარტული ფასი აქვთ.
„ჩვენი კოტეჯები Pet Friendly-ია. როცა ასეთ ტყეში ხარ, სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ოთხფეხა მეგობრებსაც უნდათ გასეირნება და დასვენება. თავს ვართმევთ, თუმცა, როცა დამსვენებელი შინაურ ცხოველებთან ერთად მოდის, რისკები უფრო მეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოტეჯები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია,“ აცხადებს ნინო ნიორაძე.
commersant.ge