ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს “პეტრა მწვანე ზონა” 7-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავს.
როგორც ქობულეთის არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურში BM.GE-სთან განაცხადეს, სასტუმროს პროექტი ამ ეტაპზე კონცეფციის შემუშავების დონეზეა. 2019 წლის მაისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რენდერის მიხედვით, სასტუმრო 9–სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა როგორც ახლა ქობულეთის არქიტექტურის სამსახურში აცხადებენ, დაგეგმილია ცხრასართულიანი შემინული შენობის პროექტის შეცვლა და სართულების 9-დან 7-მდე შემცირება.
მათივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სართულების შემცირება “პეტრას ციხის” კულტურული ძეგლის სტატუსის გამო მოითხოვა.
სასტუმროს მფლობელი კომპანია შპს “პეტრა მწვანე ზონაა”. ბიზნეს რეესტრის თანახმად შპს “პეტრა მწვანე ზონას” დირექტორი და 33.33%–ის მფლობელი რუსეთ-საქართველოს მოქალაქე მიხეილ გეთიაა. გეთიასთან ერთად შპს „პეტრა მწვანე ზონას“ კიდევ ორი მეწილე – მარიკა ნაჭყებია (33.34%) და მინდია გურგენიძე (33.33%) ჰყავს.
რაც შეეხება სასტუმროსთან დაკავშირებულ სხვა სახის დეტალებს, როგორც ერთ-ერთი მეწილე მიხეილ გეთია BM.GE-სთან განმარტავს, პროექტი ჯერ არ დაწყებულა და საკითხზე ნაადრევად საუბარი საჭირო არ არის, არც დეტალურად და არც ზედაპირულად.
ცნობისთვის: ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ციხისძირის განვითარების გეგმა მიმდინარე წელს დაამტკიცა. გენგეგმის თანახმად, განსაზღვრულია ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავება, ტურისტულ-სარეკრეაციო, საკურორტო და სამკურნალო პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება.
bm.ge