პეტრას ციხის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსი გოჩა კახიძე „კომერსანტთან" აცხადებს, რომ რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარე წელს დაიწყო და დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება.
მისი თქმით, რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე ჯამში 300 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს მოსამზადებელ სამუშაოებზე 100 000 ლარი დაიხარჯა.
კახიძე ვერ აკონკრეტებს, როდის დასრულდება მთლიანად რეაბილიტაციის პროექტი, რადგან ეს დამოკიდებული იქნება ინფრასტრუქტურის პროექტზე, რომელსაც სააგენტო უახლოეს მომავალში შეარჩევს. მისი თქმით, აღნიშნული პროექტით განისაზღვრება როგორი იქნება პეტრას ციხე.
პეტრას ციხე ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე მდებარეობს და ის ახალი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნით თარიღდება. 1989 წელს დაფუძნდა პეტრას ციხის მუზეუმ-ნაკრძალი. ტერიტორია მოიცავს, როგორც პეტრას ციხის კომპლექსს, ასევე მის შემოგარენს. მუზეუმის ფონდს 7 678 ექსპონატი შეადგენს. მუზეუმში დაცულია ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების პერიოდის მასალა, რომლებიც კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგადაა აღმოჩენილი.
ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი