ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველი გასტრონომიული ტური სამეგრელოში – ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო
02 ოქტომბერი, 2019

კულინარიული ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ახალი, უნიკალური პროექტი დაიწყო. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამეგრელოში გასტრონომიული ტური მოეწყო. ახალი პროექტის მიზანია სხვადასხვა რეგიონის გასტრონომიული შესაძლებლობების პოპულარიზაცია, უნიკალური და ავთენტური სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა და შიდა ტურიზმის სტიმულირება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პირველ გასტრონომიულ ტურში ცნობილი 9 შეფ-მზარეული მონაწილეობდა.

„სამეგრელოს განსაკუთრებული ტურისტული პოტენციალი აქვს. ჩვენ ახალი პროექტის ფარგლებში გვსურს წინ წამოვწიოთ ის უნიკალური შესაძლებლობა რაც ამ კუთხეს გააჩნია და რაც ასე მოსწონთ ჩვენს ტურისტებს, ამით ხელი შევუწყოთ სამეგრელოს პოზიციონირებას გასტრონომიული მიმართულებით.

მოხარულები ვართ, რომ ახალი პროექტის ფარგლებში ცნობილმა შეფ-მზარეულმა ადგილზე შეისწავლეს მათთვის აქამდე უცნობი, მრავალფეროვანი მეგრული კერძები, ადგილობრივ მზარეულებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს მათ მომზადებაში.

შეფ-მზარეულები მეგრული სამზარეულოს უნიკალური კერძების საკუთარ მენიუში გადმოტანას და მათ პოპულარულ რესტორნებში მომზადებას გეგმავენ. “-აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

პრეს-ტური USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართა.

კერძების მომზადების გარდა ტურის ფარგლებში შეფ-მზარეულები, სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელოს რეგიონისთვის დამახასიათებელ ტრადიციებსაც გაეცნენ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ტურის მონაწილეებმა მარტვილში, ზუგდიდსა და სენაკში მდებარე ეთნოსახლები დაათვალიერეს, ეწვივნენ საოჯახო სასტუმროებსა და კვების ობიექტებს.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.