პატარა ბავშვები დიდი ემოციებით, დასახული მიზანი, გუნდური გადაწყვეტილებები - პირველად საქართველოში მოლაშქრე ბავშვებისთვის კლუბი "ფენიქსი" შეიქმნა.
ბავშვები ადრეული ასაკიდან უნდა მიჰყვნენ ცხოვრების ჯანსაღ წესს, გაეცნონ ქვეყნის ისტორიას, იზრუნონ გარემოზე და შეიძნინონ ის უნარ-ჩვევები, რომელიც მათ მომავალში გამოადგებათ. ამაზე მოლაშქრე ოჯახმა იზრუნა და მოლაშქრე ბავშვების კლუბი "ფენიქსი" ჩამოაყალიბა.
კლუბში 5-დან 12 წლამდე ბავშვები ჰყავთ. ამ ეტაპზე იქ 14 ბავშვია გაწევრიანებული. გასვლისთვის ჯგუფი რომ შედგება, 4 ბავშვისთვის 1 ინსტრუქტორია გამოყოფილი.
„ეს იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა გავიგე რომ ფეხმძიმედ ვიყავი. მაშინ ისევ ვაგრძელებდი ლაშქრობას და ვამბობდი, ჩვენი პატარა, უკვე მოლაშქრეა. მოგვიანებით სერიოზულად დავიწყე ამაზე ფიქრი.
ჩვენი კლუბი ხელს შეუყობს ბავშვებს საკუთარი ქვეყანა შეიყვარონ - იარონ ფეხით, გაეცნონ ქვეყნის ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურას, ფლორას, ფაუნას...“, - ამბობს "აიპრესთან" კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლელა წიკლაური.
ბავშვები ქვეყნის მასშტაბით წელიწადის ყველა დროს გაილაშქრებენ. ახალმოსულ თოვლზე პატარა ნაკვალევს დატოვებენ, რომ გამოთბება ველური ყვავილებისგან მოწნულ გვირგვინებს დაიდგამენ და დეკიანებისკენ აუყვებიან.
გუნდურად მოქმედების უნარი განუვითარდებათ. ერთად გადალახავენ პატარა და მათთვის დიდ დაბრკოლებებებს. პატარა "მწვერვალებს" დაიპყრობენ და მათი ერთი დიდი მიზანიც მიღწეული იქნება.
„ყველგან წავიყვანთ, აპლურ ზონებშიც. თუმცა მანამდე მარტივ სალაშქრო მარშრუტებს გავაკეთებთ. შევისწავლით ბავშვების შესაძლებლობებს და ამის მიხედვთ ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა ლელა წიკლაურმა.
განსაზღვრულია მათი ჩანთის წონა. 5-6 წლის ბავშვებისთვის მაქსიმუმ 3 კგ ჩანთა. 6-8 წლის ბავშვებისთვის 4კგ, 8-12 წლის ბავშვების ჩანთის წონა კი 5-6კგ-ს არ უნდა აღემატებოდეს.
გუშინ პირველი გაცნობითი ხასიათის ლაშქრობა შედგა კოჯორში. პატარებმა დაახლოებით 3 კილომეტრი გაიარეს ფეხით. დალაშქრეს ქოროღლის ციხე.
ბავშვები სწავლობენ, როგორ მოიპოვონ შეშა ტყეში და სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში ცეცხლი დაანთონ.
კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი უხსნის, როგორ გაშალონ კარავი.
კლუბის წევრობისთვის ასაკობრივი ზღვარია დაწესებული. თუმცა, კოჯორში კლუბის წევრებს მათთან შედარებით პატარები, მშობლებთან ერთად შეუერთდნენ. ემოციური გასვლა შედგა. პატარები ხედებით დატკბნენ. ნაგავი ნაგვის ურნაში დატოვეს, პირობა დადეს, რომ გარემოზე იზრუნებენ და არ დაანაგვიანებენ.
3 წლის თაია, ყველაზე პატარა მოლაშქრე
ლიზი, 4 წლის: "იცი მე არაფრის მეშინია, აი დიდი მთისაც კი"
სალომე, 4 წლის: "რაზე ვფიქრობ?... რა ლამაზია მთები"
ლუკა, 11 წლის: "ორ დღიან ლაშქრობაზეც წავიდეთ რა"