ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პირველი ქართული აპარატის ყავა „მეამა“ ბაზარზე 2019 წლის ოქტომბრიდან გაიყიდება
23 ივლისი, 2019

კახეთის გზატკეცილზე აპარატის ყავის პირველი ქართული საწარმო 2019 წლის ოქტომბერში გაიხსნება. შესაბამისად, პირველი ქართული აპარატის ყავა „მეამას“ ბრენდით ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება. დაგეგმილია ექსპორტზე გატანაც. ამის შესახებ ექსკლუზიურად „კომერსანტს“ კომპანია „კაფსულოს“ კომერციულმა დირექტორმა კოტე ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, საწარმოს მშენებლობის პროცესი და წარმოების სატესტო რეჟიმი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს ნედლეულის შეძენის პროცესი. ბოკუჩავას განმარტებით, ყავის მარცვლები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.

კომპანია ქართველ მომხმარებელს სამი სახის პროდუქტს შესთავაზებს. ეს იქნება ყავის კაფსულები, რომელიც ყავის აპარატებისთვის იქნება განკუთვნილი, ასევე თურქული ყავა, რომელიც ერთჯერად პაკეტებით გამოვა და ყავის მარცვლები, რომელიც 250 გრამიანი და 1 კილოგრამიანი შეფუთვით დამზადდება.

როგორც ბოკუჩავა აცხადებს, რა საფასო სეგმენტში გაიყიდება ყავა „მეამა“ და რა წილის დაკავებას გეგმავს უახლოს მომავალზე, ამის შესახებ „კაფსულოში“ ამ ეტაპზე საუბარი არ სურთ. ასევე უცნობია, საბოლოოდ, რა ოდენობის ინვესტიცია იქნა განხორციელებული.

შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, არსებული ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. „კაფსუფლოში“ დღეს 50 – მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა, წარმოების ზრდასთან ერთად პირველ ორ კვარტალში კომპანია დაახლოებით 100 კაცით დაკომპლექტდება.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.