პირველი ქართული ქვევრის ვისკი და შატო თეთრიწყაროში - «არ მიგვაჩნია, რომ კონკურენტი გვყავს»
ალკოჰოლური სასმელების ბაზარზე ქვევრში დაყენებული ქართული ვისკი "ალექსანდრე" გამოჩნდა. განსხვავებული მეთოდით დამზადებული ვისკის შემქნელები საოჯახო მარანში ღვინოსაც აწარმოებენ და აგროტურიზმით დაკავებასაც აპირებენ. პირველ ქართულ ქვევრის ვისკიზე, თეთრიწყაროში მოწყობილ შატოზე და სასმელის უნიკალურობაზე "ბიზნესკონტრაქტთან" "ალექსანდრე დისტილერის" დამფუძენებელი ალექსანდრე კვერნაძე საუბრობს.
- მოგვიყევით თქვენი ისტორია, როდის დაიწყეთ ალკოჰოლური სასმელების წარმოება, სად მდებარეობს ტერიტორიულად თქვენი საწარმო? როგორც ვიცი, მცირე ზომის შატოც მოაწყვეთ და აგროტურიზმითაც ხართ დაკავებული...
- ჩვენი საოჯახო მარანი მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ალექსეევკაში. აქ ჩვენსავე სახლში მოწყობილი გვაქვს საოჯახო მარანი, სადაც ვაწარმოებთ ღვინოს, ტრადიციული ქართული ნატურალური ტექნოლოგიით (ქვევრის ღვინოს) და ასევე ევროპული ტექნოლოგიით. ამ უკანასკნელს ძირითადად ვიყენებთ უნიკალური, იშვიათი ქართული ყურძნის ჯიშის „ასურეთული შავისგან“ ღვინის დამზადებისათვის. მარანთან ერთად მოწყობილი გვაქვს, არყის სახდელი (დისტილერი) სადაც უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგიით ვაწარმოებთ დისტილატებს ჭაჭისგან, ხილისგან და მარცვლეულისგან (ძირითადად ქერი და სიმინდი). მარცვლეულისგან მიღებულ დისტილატს ვავარგებთ მუხის კასრებში, რაც არის ვისკი, მისი ტრადიციული გაგებით. გასულ წელს ჩვენ მოვიპოვეთ გრანტი პროგრამიდან „აწარმოე საქართველოში“, მეზობლებთან ერთად ჩამოვაყალიბეთ ამხანაგობა „დრანეთის მარანი“, შევიძინეთ საჭირო დანადგარები და ინვენტარი და ახლა ვემზადებით გაზაფხულიდან ღვინისა და აგრო-ტურიზმით დაინტერესებული ტურისტების მიღებისათვის. ვფიქრობთ, ეს ტური მრავალმხრივ საინტერესო იქნება, ჩვენს მარანში, ტურისტებს შევთავაზებთ რამდენიმე დასახელების ქვევრისა და ევროპულ ღვონოს, ჭაჭისა და ხილის არაყს, მარცვლეულის დისტილატებს და პირველ ქართულ ვისკის და ეს ყველაფერი აკომპანირებული იქნება ადგილობრივი ნატურალური პროდუქტით დამზადებული საუზმითა და ქართული კერძებით, თონეში გამომცხვარი ლავაშით, სვანური სულუგუნით, მათ შორის შებოლილი სულუგუნით. ჩვენი სოფელი მდებერეობს ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე და აქ ულამაზესი ლანშაფტი და შესანიშნავი ისტორიული-კულტურული ძეგლებიც მრავლად არის - ფიტარეთი, სამშვილდე, მანგლისის ტაძარი, ფარცხისი, ბირთვისი, ქციის მამათა მონასტერი, ბედიანის დედათა მონასტერი, ვაჟას წყარო, ხრამის ხეობა, ალგეთის ხეობა და მრავალი სხვა. ვფიქრობ, ყველაფერი ეს ერთობლიობაში და მათთან ერთად ცხენებით გასეირნებაც საინტერესო უნდა იყოს მნახველთათვის.
- რატომ გადაწყვიტეთ ვისკის ქვევრში წარმოება?რით არის გამორჩეული ასეთი პროდუქტი?
- რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენი საოჯახო მარნის პირობებში დავინტერესდით დისტილაციით და დავიწყეთ ჭაჭისა და სხვადასხვა ხილის დისტილატების გამოხდა, დავრწმუნდით, რომ არსებული „სახდელი ქვაბებით“ რაიმე სერიოზული დისტილატის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, ხოლო ასეთი „ქვაბებით“ მიღებული დისტილატი საჭიროებს შემდგომ გაფილტვრა-დამუშავებას. დამეთანხმებით, რაც უნდა კარგი ყურძენი დაწუროთ, თუ ტკბილს დაბინძურებულ ჭურჭელში ჩაასხამთ კარგ ღვინოს ვერ მიიღებთ. ასევეა დისტილაციის დროს. ასე მაგალითად, თითბერის ქვაბები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება საქართველოში ოჯახური არყის გამოსახდელად, აბსოლუტურად მიუღებელია, რადგან თითბერის შენადნობი შეიცავს დიდი რაოდენობის თუთიას (50%-მდე), რომელიც მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ასეთი ქვაბით კარგ დისტილატს ვერ მიიღებთ. ნაწილობრივ იგივე შეიძლება ითქვას სპილენძის ქვაბებზე, რომლებიც ასევე ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. უცხოური სადისტილაციო აპარატები ძალიან კარგია, მაგრამ ოჯახური მეურნეობისათვის ძნელად მისაწვდომია, რადგან ძალიან ძვირი ღირს. უამრავი ლიტერატურის გაცნობის შეგად წავაწყდი ერთ საინტერესო ინფორმაციას, აღმოჩნდა, რომ თიხა, რომლისგანაც დამზადებულია ქვევრი, წარმოადგენს კარგ კატალიზატორს ეთილენისათვის. დღეისათვის ეთილის სპირტის წარმოებაში სხვა კატალიზატორებთან ერთად თიხაც გამოიყენება. ეს ფაქტი გახდა ჩვენთვის ინსპირაციის წყარო, რამაც გვიბიძგა ქვევრის გამოყენებისაკენ, რადგან თიხა არის კვების მრეწველოაში დაშვებული მასალა, ტემპერატურა მედეგია, ჩვენი მიზნებისათვის აქვს საკმაო მექანიკური სიმტკიცე, შედარებით იაფია, ქვევრის ფორმა ოპტიმალურია ტემპერატურული ბალანსისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ ქვევრის ფორმა იმეორებს ოქროს კვეთის პროპორციებს. ჩემი გამოგონების მიხედვით, ქვევრი გამოიყენება როგორც დისტილაციის წყარო. გამოგონებასაც ასე ჰქვია - არყის გამოსახდელი მოწყობილობა. სწორედ ეს გამოარჩევს ჩვენს მარცვლეულის დისტილატს, რომელიც პრაქტიკულად არ საჭიროებს შემდგომ დამუშავებას - გაფილტვრას. შედეგად, მიიღება აბსოლუტურად განსხვავებული პროდუქტი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ვისკი, არამედ - ვისკის „მასალა“ ანუ ე.წ. „თეთრი ვისკი“. ჩვენი პროდუქტი უკვე ამ ეტაპზე ხასიათდება დაბალანსებული და რბილი ორგანოლეპტიკით, რომელშიც იგრძნობა ახლადგამომცხვარი პურის არომატი, მოტკბო ხილის ტონებით. ეს დისტილატი, რომლის ალკოჰოლის შემცველობა 65-75% აღწევს, თავსდება მუხის კასრებში და ძველდება. მუხაში დაძველების პროცესში ხდება მისი დამატებით გაჯერება სხვადასხვა არომატებით, სადაც ჩვენს შემთხვევაში ჭარბობს ვანილისა და თაფლის ტონები. ასეთი მოწყობილობით შეიძლება გამოიხადოს ნებისმიერი ნედლეული, მაგალითად ჭაჭის გამოხდით მივიღებთ ჭაჭის არაყს; ღვინის გამოხდით - საკონიაკე სპირტს; ვაშლის ან სხვა ხილის გამოხდით - ხილის არაყს ე.წ. ხილის ბრენიდს და ა.შ.
- ვინ არის თქვენი კონკურენტი? ბაზარზე ქართული ვისკი "ჯიმშერიც" გამოჩნდა…
- ჩვენ არ მიგვაჩნია რომ კონკურენტი გვყავს, რადგან მოგეხსენებათ ქართული ვისკის კატეგორია ჯერ არც არსებობს. გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან გაგვეხარდა ქართული ვისკის „ჯიმშერის“ გამოჩენა რადგან ჩვენ გაგვიჩნდა მოკავშირე და ერთად შევეცდებით შევქმნათ ეს კატეგორია. ჩვენ ამ შემთხვევაში კონკურენტები კი არა თანამოაზრეები ვართ.
- როგორია თქვენი გეგმა? სად აპირებთ პროდუქციის გაყიდვას? საქართველოში თუ ფარგლებს გარეთაც, კონკრეტულად სად?
- უნდა გითხრათ, რომ ჩვენ ვისკიზე დაინტერესება და მოლოდინიც ნამდვილად არის. მრავალი ადამიანი გვეკითხებოდა, თუ როდის გავიტანთ პროდუქტს ბაზარზე. აქამდე თავს ვიკავებდით, იყო გარკვეული ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზები, რომლებიც გადავლახეთ და პროდუქცია მცირე, ექსკლუზიური პარტიებად გავიდა ბაზარზე. დღეისათვის ჩვენი ვისკის დაგემოვნება და შეძენა შესაძლებელია თბილისში, ელენე ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ღვინის ბარ „სანჩოში“, ასევე ბათუმში, ბარში “CHACHA TIME”, თბილისში ღვინის მაღაზიაში „ბაგრატის ღვინოები“, რომელიც მდებარეობს მშრალ ხიდთან. ასევე, რა თქმა უნდა ჩვენს მარანში თეთრიწყაროს რაიონში. ჩვენთვის ექსპორტი ამ ეტაპზე პრიორიტეტული არ არის, რადგან პროდუქცია ექსკლუზიურია, მცირე პარტიებით მზადდება და ქართველი მომხმარებლის უცხოელი ტურისტების რეაქციას ველოდებით. როგორც მოგახსენეთ აქამდე ქართული ვისკი არ არსებობდა და ამიტომ კომპანიას უწევს ამ კატეგორიის შექმნა და მომხმარებელში პოზიტიური მოთხოვნილების ჩამოყალიბება რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.
businesscontract.ge