საქართველომ კოსმოსის ათვისების პროგრამაში ჩართვა უკვე დაანონსა. პლანეტა მარსზე ქართული ვაზის ჯიშის გენერირება დაიწყება.
შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულიაგანათლების სამინისტრო, ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Microsoft-ი და კომპანია SpaceFarms (მომავლის სათბური). პროექტში ასევე ჩართულია საკომუნიკაციო სააგენტო Windfor's.
უკვე შემუშავებულია კონკრეტული სტრატეგია, რომელშიც პროექტის განხორციელების გეგმები და ვადებია გაწერილი.
ქართული ვაზის ჯიშების უცხო გარემოსთან ადაპტირებაზე ექსპერიმენტები სექტემბრიდან დაიწყება. პროექტის ფარგლებში ჩაერთვებიან ახალგაზრდები, განხორციელდება კვლევები. პროექტში ჩართული მხარეები ფიქრობენ, რომ უკვე წლის ბოლოსთვის კოსმოსის ათვისების პროექტში საქართველოსაც ექნება თავისი ადგილი.
უკვე დაწყებულია სათბური-ლაბორატორიის შექმნა. მის ოპერირებასაც კომპანია SpaceFarms-ი განახორციელებს.
რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ის სასტუმრო „სტამბაში“ განთავსდება. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება.
პროექტს სახელწოდებით „IX მილენიუმი“ კოსმოსური კვლევის სააგენტო განახორციელებს.
NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც სამუშაო ჯგუფის წევრები აცხადებენ, პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია, მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება.
www.travelingeorgia.ge