ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პლანეტის 11 ყველაზე ლამაზი ადგილი შობა-ახალი წლის გასატარებლად
20 დეკემბერი, 2021

გამოცემა Travel Trivia გვთავაზობს პლანეტის ყველაზე ლამაზ ადგილებს, რომლებიც წელიწადის ამ დროს თოვლითაა დაფარული და შობა-ახალი წლის განწყობა ყველაზე მეტად იგრძნობა.

გრინდელვალდი, შვეიცარია

გრინდელვალდი შვეიცარიის ალპების რეგიონში მდებარეობს და ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ითვლება ქვეყანაში. გამართული სათხილამურო ინფრასტრუქტურის გამო აქ მსოფლიო დონის შეჯიბრებები ხშირად იმართება. იანვარში გრინდელვალდში ღვინის ფესტივალი ეწყობა.

ბერგენი, ნორვეგია

ბერგენს ხშირად ნორვეგიის „ფიორდების დედაქალაქსაც“ უწოდებენ. ფიორდებით გარშემორტყმული ქალაქი ნორვეგიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა. ბერგენში ადგილობრივები ყოველწლიურად Pepperkakebyen-ის სახელით ცნობილ უზარმაზარ მინიატურებს ამზადებენ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდად მიიჩნევა.

ლაპლანდია, ფინეთი

თუ ჩრდილოეთის ციალის ნახვა გსურთ, მაშინ აუცილებლად უნდა ეწვიოთ ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილს, ლაპლანდიას. ლაპლანდიაში ასევე მდებარეობს სანტა კლაუსის სოფელი, რომელიც ყოველწლიურად ათასობით სტუმარს იზიდავს.

სტრასბურგი, საფრანგეთი

სტრასბურგს ხშირად „შობის დედაქალაქს“ უწოდებენ. საშობაოდ მორთული ქალაქისა და ბაზრობის მოსანახულებლად აქ ყოველწლიურად 2 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის. სტრასბურგის კათედრალი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

სან-მორიცი, შვეიცარია

სან-მორიცი შვეიცარიის პოპულარული კურორტია. აქ ზამთრის ოლიმპიური თამაშები ორჯერ გაიმართა. საშობაოდ მორთულ ქალაქში ფესტივალები ხშირად იმართება.

შირაკავა, იაპონია

შირაკავა იაპონიის მაღალმთიანი ისტორიული სოფელია, რომელიც იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 1995 წელს გახდა. სოფელში არსებული ტრადიციული სახლების უმეტესობა საუკუნეებს ითვლის.

აახენი, გერმანია

აახენი გერმანიის უკიდურეს დასავლეთში, ნიდერლანდებისა და ბელგიის საზღვართან მდებარეობს. ქალაქი ცნობილია თერმული წყლებითა და კათედრალით, რომელიც მე-9 საუკუნეში აშენდა.

კვებეკი, კანადა

კვებეკი კანადის ქალაქია, რომელიც ამავე სახელწოდების პროვინციაში მდებარეობს. ქალაქის ისტორიული ცენტრი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი 1985 წელს გახდა. კვებეკის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ თხილამურებით ისრიალონ და ადგილობრივ ფესტივალებს დაესწრონ.

ჰალშტატი, ავსტრია

ჰალშტატი ავსტრიის მაღალმთიანი ქალაქია, რომელიც ამავე სახელწოდების ტბის პირას მდებარეობს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში პირველად მარილის წარმოება ჰალშტატში 7 000 წლის წინ დაიწყეს.

ჰარბინი, ჩინეთი

ჰარბინი ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ყოველწლიურად აქ მილიონობით ადამიანი ჩადის ჰარბინის ყინულისა და თოვლის ქანდაკებების საერთაშორისო ფესტივალზე დასასწრებად. ყინულისა და თოვლის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ჰარბინში სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მოქანდაკეები ჩადიან.

აპოსტლის კუნძულები, აშშ

აპოსტლის კუნძულები 22 კუნძულისგან შედგება, რომლებიც აშშ-ში, კანადის საზღვართან ახლოს ტბა სუპერიორში მდებარეობს. კუნძულები უჩვეულო ლანდშაფტით გამოირჩევა და აქ ფესტივალები ხშირად იმართება. ერთ-ერთ კუნძულზე გამოქვაბულში ყინულის სტალაქტიტები და სტალაგმიტები მდებარეობს

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.