პლატფორმის "ტყის მეგობარი" ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება
პლატფორმის „ტყის მეგობარი“ ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტში ტყის აღდგენის პროექტი განხორციელდება. „ეფეს საქართველო“ პირველი კომპანიაა, რომელიც ტყეებზე ზრუნვის მოხალისეობრივ პლატფორმას შემოუერთდა. ახალი ბრენდი - EFES Special ტყის აღდგენაზე თიანეთის სატყეო უბანში იზრუნებს, რისთვისაც 13 200 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე წელს, ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებს კომპანია 12,1 ჰექტარ ფართობზე, სიმონიანთხევის სატყეო უბანში განახორციელებს და აღდგენილი ფართობის ხანგრძლივვადიან მოვლაზეც იზრუნებს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის ბიომრავალფეროვნების საფინანსო ინიციატივის (BIOFIN) ფინანსური მხარდაჭერით, პლატფორმა „ტყის მეგობარი“ შეიქმნა. პლატფორმა როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომერციულ ორგანიზაციებს საქართველოს ტყეების აღდგენაში მონაწილეობას სთავაზობს როგორც მოხალისეობრივი ჩართულობით, ასევე, ფინანსური მხარდაჭერით.
„ტყის მეგობრის“ პლატფორმაზე, დღეის მდგომარეობით, დარეგისტრირებულია 969 მოხალისე, ინდივიდუალური შემოწირულობამ 454, ხოლო კორპორატიულმა 64 923 ლარი შეადგინა. შეძენილია 29 000 ევროს ღირებულების ტყის აღდგენის სამუშაოებისათვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები.
პლატფორმას 2024 წელს განსახორციელებელი ტყის აღდგენის პროექტები დაემატება.
„ტყის მეგობრის“ მიზანია, გააერთიანოს საზოგადოება საქართველოს ტყეების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად. ყველა დაინტერესებულ იურიდიულ და ფიზიკურ პირს საშუალება აქვს დარეგისტრირდეს პორტალზე - www.forestfriend.ge, შეარჩიოს სასურველი პროექტი, მოახდინოს დონაცია და გახდეს ტყის მეგობარი.
bp.ge