ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პოლონეთში გამართულ კონკურსზე, ქართულმა ღვინომ ვერცხლის მედალი მოიგო
07 ნოემბერი, 2015

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, 4-6 ნოემბერს ღვინის მე-13 საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა "EnoExpo 2015" გაიმართა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობდა ქართული ღვინის მწარმოებელი 11 კომპანია: "თელავის ღვინის მარანი", "თელიანი ველი", "ვაზიანი", "მეღვინეობა ხარება", "ასკანელი ძმები", "კორპორაცია ქინძმარაული", "კახური", "ბესინი", "ტყუპების საღვინე მარანი", "შატო თელავი" და "ტიბანელი".

მსგავს ღონისძიებებზე ქართული ღვინის წარდგენა ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ბაზარზე. კონკრეტულად აღნიშნულ გამოფენაზე, ღვინის კომპანიებს შესაძლებლობა მიეცათ გაემართათ საქმიანი მოლაპარაკებები ადგილობრივ იმპორტიორებთან და მიეღწიათ შეთანხმებებს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.

გამოფენის ფარგლებში გამართულ კონკურსზე კომპანია "ამირან ვეფხვაძის" ღვინომ "კრახუნა 2013" ვერცხლის მედალი დაიმსახურა.

პოლონეთი ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს და ქართულ ღვინოს ამ ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტენციალი გააჩნია. აღნიშნული ქვეყანა სტაბილურად შედის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში.

2015 წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ესპორტირებულია 1,26 მლნ ბოთლზე მეტი ღვინო, რაც 2%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.