ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
პონტოს მუხის გადასარჩენად ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
23 აპრილი, 2019

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „პონტოს მუხის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა კომიტეტის წევრებს შეახსენა კანონპროექტის ძირითადი არსი, რომლის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი დაცული ტერიტორიის – პონტოს მუხის აღკვეთილის დაარსება.

თანდილაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის – პონტოს მუხის (Quercus pontica C. Koch) უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

კანონპროექტის მიზანია აღკვეთილის შექმნასთან და შესაბამისად, ამ დაცული ტერიტორიის დაცვის რეჟიმთან და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.

ასევე, აღკვეთილის შექმნის გზით, კანონპროექტი აღნიშნული დაცული ტერიტორიის ფარგლებში მიზნად ისახავს;

ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტოპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვის, აღდგენისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნების უზრუნველყოფას;

ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას;

მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენასა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობას;

ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას;

ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და შენარჩუნებას; ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მონიტორინგის განხორციელებას;

ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და სხვა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, გარდამავალი დებულებით რეგულირდება პონტოს მუხლის აღკვეთილის ტერიტორიაზე ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მიწათსარგებლობის, სასარგებლო წიაღისეულითა და ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე განმარტებით, მოსახლეობას, საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, პრობლემა არ შეექმნება. ასევე, თუ კი მოქალაქე ამ ტერიტორიაზე რაიმე საკუთრებას ფლობს, პრობლემა არ შეექმნება საკუთრების რეგისტრაციისას და ეს კანონის დონეზე იქნება უზრუნველყოფილი.

GBC


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.