ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„პრობლემაა, როცა ქვეყანა, რომელსაც ვაზისა და ღვინის სამშობლო ჰქვია, ყურძენს ყიდულობს“ - რატომ იზრდება ყურძნის იმპორტი
19 მაისი, 2021

შემნახველი სამაცივრე მეურნეობების პრობლემა და ყურძნის სუბსიდირება - ეს ის მთავარი პრობლემებია, რასაც „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი საქართველოში ყურძნის იმპორტის ზრდას უკავშირებს. რუსუდან გიგაშვილის თქმით, ,,პრობლემაა, როცა ქვეყანა, რომელსაც ვაზისა და ღვინის სამშობლო ჰქვია, ყურძენს ყიდულობს“.

2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სუფრის ყურძნის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარ, თებერვალსა და მარტში საქართველოში 455.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 482 ტონა ყურძენი შემოვიდა 2021 წლის იგივე პერიოდში კი 517.1 ათასი აშშ დოლარის 664.1 ტონა ახალი (სუფრის) ყურძენი. იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: სომხეთი, თურქეთი, ნიდერლანდები.

,,მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელი, რუსუდან გიგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ იმპორტის ზრდის ტენდენციის მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, მთავარი აქ შემნახველი მაცივრების არქონაა.

,,გასული და მიმდინარე წელი ვერ გამოდგება ინდიკატორად, რადგან პანდემიის გამო შესყიდვები გაჩერებულია, გაჩერებულია ჰორეკა სექტორი და ყველაფრის რეალიზაცია შემცირებულია პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით.

პრობლემაა, როცა ქვეყანა, რომელსაც ვაზისა და ღვინის სამშობლო ჰქვია, ყურძენს ყიდულობს. ამას ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი - სახელმწიფოს სუბსიდიის ხარჯზე ფერმერს ურჩევნია აწარმოოს ყურძენი, რომელშიც მთავრობა რაღაც თანხას უხდის, დანარჩენს კი აბარებს და ფულად აქცევს. ფერმერებმა ვერ დაინახეს მთელი ამ დროის განმავლობაში, სუფრის ყურძნის მომგებიანობა. კულტურათა ჩანაცვლების პოლიტიკა არ გვაქვს ქვეყანაში და მიჰყვებიან იმას, რაც წლების განმავლობაში იყო. მეორე და, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა კი სამაცივრე მეურნეობის არქონაა. როცა სუფრის ყურძენი მოდის (შემოდგომაზე) მაშინ ფასი დაბალია. ზამთრის დასაწყისიდან კი, როცა სასტუმროებს, რესტორნებს და მაღაზიებს სუფრის ყურძენი უკვე სჭირდებათ, იძულებული არიან შემოიტანონ სხვა ქვეყნებიდან“, - განაცხადა გიგაშვილმა.

მისივე თქმით, ფერმერებმა, რომლებმაც სუფრის ყურძნის მოყვანა დაიწყეს, გასაღების ბაზრებიც იპოვეს.

,,ქართული კლიმატი, სრულად მისაღებია ამ ჯიშებისთვის და წარსულში გვქონდა მოყვანის ტრადიციაც. არსებობს ამის კატალოგებიც. ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ თავისუფლად, ტექნოლოგიების ქონის შემთხვევაში ეს არის საკმაოდ რენტაბელური ბიზნესი. ამის პრეცედენტიც არსებობს, როცა აჭარიდან რუსეთში ვეღარ ახერხებდნენ მანდარინის გატანას, ერთ-ერთმა, ვიტყოდი, რომ ნოვატორმა ფერმერმა ციტრუსი გაჩეხა და მის ადგილას ყურძენი გააშენა. მოსავალს შემდგომში ,,რედისონში“ აბარებდა და ეს მისთვის იყო ბევრად მომგებიანი. 10 წელზე მეტია ამ ამბიდან გასული და არ ვიცი, ახლა როგორია მისი მდგომარეობა, თუმცა ეს პრეცედენტი არსებობდა. ფერმერებმა, რომლებმაც ამ მიმართულებით დაიწყეს ფიქრი და მუშაობა, ბაზარიც ნახეს“, - ამბობს რუსუდან გიგაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

BPN.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.