„პრობლემები, რომელიც მესტიაშია, ტურიზმის განვითარებას აფერხებს“ - როგორც ემზადება სვანეთი ზამთრის ტურისტული სეზონისთვის
სვანეთი ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. 23 დეკემბერს მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო გზა ექსლუატაციაში შევა და დამსვენებლებს უკვე მცირე დროში შეეძლებათ სათხილამურო ტრასაზე მოხვედრა. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მესტია ტურისტული სეზონისთვის მზად არის, ტურისტების მისაღებად მზად არიან სასტუმროებიც, თუმცა რამდენად შეძლებენ ისინი დამსვენებელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ეს უკვე სხვა საკითხია, რადგანაც, პრობლემები, რომელიც სვანეთში არსებობს, იმაზე მწვავეა, ვიდრე სხვა სამთო კურორტებზე.
საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნა. გუდაურის, ბაკურიანის და გოდერძის შემდეგ „კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ როგორ ხვდება ზამთრის სეზონს სვანეთი, კერძოდ კი მესტია. აღმოჩნა, რომ აღნიშნულ კურორტზე გუდაურსა და ბაკურიანთან შედარებით პრობლემები გაცილებით მწვავედ დგას. ელექტროენერგია, წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, არასრული სამედიცინო მომსახურება - ეს ამ დრომდე მოუგვარებელი პრობლემების არასრული ჩამონათვალია.
სასტუმროების წარმომადგენლების განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. თუმცა კერძო სექტორი ყველაზე მწვავე პრობლემად სამედიცინო მომსახურებას ასახელებს. აცხადებენ, რომ სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ზუგდიდში, ან თბილისში გადაჰყავთ.
„კომერსანტთან“ საუბრისას მესტიაში მდებარე სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორი მზია ცხადაძე აღნიშნავს, რომ სვანეთში ბუნებრივი აირის მიწოდება არ ხდება. ძვირია ელექტროენერგიაც, რომელიც ხშირად ითიშება.
„სვანეთში ბუნებრივი აირი არ არის და ელექტროენერგიის მოხმარება ძვირი გვიჯდება. თუმცა ელექტროენერგია ხშირად ითიშება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ის მოსაწესრიგებელია, როგორც მესტიაში, ასევე მის შემოგარენში. თოვლში ტურისტებს სასტუმრომდე მისვლა უჭირთ, რადგან შიდა გზების პრობლემაა. პრობლემაა ისიც, რომ პროდუქცია თბილისთან შედარებით მესტიაში სამმაგად ძვირია“, - განაცხადა მზია ცხადაძემ.
სასტუმროს დირექტორის თქმით, მესტიაში სამედიცინო მომსახურება სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ის კერძო სექტორს ხელს უშლის. ხოლო საავადმყოფოს, რომელიც მესტიაში ერთადერთია, შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არ აქვს.
„აფთიაქისა და სამედიცინო მომსახურების პრობლემა ნამდვილად დგას, არ არის ამბულატორიები. აქ 24-საათიანი აფთიაქი არ არსებობს და ასევე ყველა სახის მედიკამენტის შეძენაც შეუძლებელია. გვაქვს ერთი საავადმყოფო, რომელიც მომსახურების მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა. მასში სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობა არ არის. როდესაც ჩვენ ტურისტს სერიოზული სახის სამედიცინო მომსახურება სჭირდება, ის ზუგდიდში, ან თბილისში მიგვყავს“, - განაცხადა „თეთნულდის“ დირექტორმა.
სასტუმრო ამ ეტაპზე 90%-ით დაჯავშნილია, ხოლო საახალწლოდ მის სრულად დატვირთვას ელოდებიან.
იგივე პრობლემებზე საუბრობენ სასტუმრო Guesthouse Bapsha-შიც. როგორც სასტუმროში„კომერსანტს“ განუმარტეს, ეს პრობლემები ტურიზმის განვითარებას ხელს უშლის და აფერხებს.
„ყველაზე მწვავე პრობლემა ეს ელექტროენერგიის დეფიციტია. ამ კუთხით ინფრასტრუქტურა გაუმართავი და მწყობრიდან გამოსულია, ხოლო ამაში ინვესტიციის ჩადებაზე არავინ ფიქრობს. იძულებულები ვართ გენერატორები ვამუშაოთ. ასევე პრობლემაა წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით. პრობლემები, რომელიც მესტიაში, ტურიზმის განვითარებას აფერხებს“, - განაცხადეს სასტუმროში.
როგორც Guesthouse Bapsha-ში განმარტავენ, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს სამედიცინო მომსახურება. საავადმყოფო, რომელიც მესტიაში ერთადერთია, არ არის აღჭურვილი შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით და ექიმების საკმარისი რაოდენობაც არ ჰყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ არ არის ტრავმატოლოგი, რომელიც მთის კურორტს ასე სჭირდება.
რაც შეეხება სასტუმროს დატვირთულობას, ახალი წლისთვის Guesthouse Bapsha 100%-ით დაჯავშნილია.
ანალოგიურ პრობლემებზე საუბრობს საოჯახო სასტუმრო „უშბა“-ს მფლობელი თეა ჟორჟოლიანიც. „ელექტროენერგიის პრობლემა ნამდვილად დგას. პრობლემატურია სამედიცნო მომსახურებაც, რადგან საავადმყოფოში ტრავმატოლოგი და სხვადასხვა სპეციალისტი არ არის, თუმცა როგორც ამბობენ, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. ასევე საავადმყოფო შესაბამისად აღჭურვილი არ არის. პირველადი დახმარების აღმოჩენა შესაძლებელია, თუმცა სერიოზული პრობლემის შემთხვევაში პაციენტი სხვაგან გადაჰყავთ“, - განაცხადა თეა ჟორჟოლიანმა.
მესტიის განვითარება როგორც საკურორტო ზონის ჯერ კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაიწყო. აშენდა აეროპორტი. უკვე შემდგომ პერიოდში მესტიის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სამთო კურორტის განვითარებისთვის ზრუნვა „ქართულმა ოცნებამაც“ დაიწყო. სულ რაღაც ორიოდე წლის წინ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირკაშვილი აცხადებდა, რომ თეთნულდი და ზოგადად მესტია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა ტურისტული რეგიონის განვითარება იმდენად ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რომ ის „ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში“ კიდევ რამდენიმე წელიწადი ვერ გახდება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge