რუსული მედიის ცნობით, პუტინმა რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ წინადადებების შემუშავება და ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესება მოითხოვა.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ერთად, უნდა მოამზადოს და წარადგინოს წინადადებები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, რომლებიც ქვეყანაში ტურისტული, საქმიანი, საგანმანათლებლო მიზნებით ან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად შემოვლენ“, - ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინსტრუქციაში.
პუტინმა ასევე ბრძანა, რომ მომზადდეს წინადადებები საჰაერო მგზავრობის მოცულობის გაზრდის შესახებ რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილ ქვეყნების სიაში არ არიან შეყვანილი. როგორც ცნობილია, საქართველო ამ სიაში არ არის.
მთავრობამ აღნიშნული წინადადებები 2023 წლის 1 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ რუსეთის მოქალაქეთა დაცვის მოტივით სპეციალური განკარგულება ამოქმედდა, რომლის შედეგადაც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აიკრძალა. ავიაემბარგომდე რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს Ural Airlines-ი, Aeroflot-ი, S7, Red Wings-ი, Pobeda Airlines-ი და Smartavia ასრულებდნენ. საქართველოდან რუსეთში კი Georgian Airways-ი და Myway Airlines-ი დაფრინავდნენ.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთვის ავიაემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისში ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეაჩერა.
როგორც 2020 წლის ბოლოს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა.
2022 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა, რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს და რომ ოფიციალურ კომუნიკაციას უნდა დაველოდოთ.
“დაველოდოთ, რა იქნება. კონკრეტული პირების განცხადებას მნიშვნელობა არ აქვს. დაველოდოთ ოფიციალურ კომუნიკაციას. ეს მარტივი საკითხი არ არის, გვესმის საკითხების მგრძნობიარობა. ძალიან ფრთხილები ვართ. ასევე ფრთხილები ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა მაშინ ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილმა აღნიშნული განმარტება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადების შემდეგ გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს და არ შეუერთდება დასავლეთის სანქციებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლებელი იქნება.
commersant.ge